საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 204 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი კომპანია შპს „უვ პრინტი“ შეემატება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უწყება.
მათივე ინფორმაციით, შპს "უვ პრინტი" 2017 წელს დაარსდა, თუმცა დამფუძნებლებს 10-წლიანი გამოცდილება აქვთ ფართო ფორმატიანი ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად კი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინტერიერისა თუ ექსტერიერის გასაფორმებლად ნებისმიერი სახის ზედაპირებზე ფართო ფორმატით შესრულებული ნაბეჭდი პროდუქციის წარმოებას შეძლებს.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე, კომპანია 15 ადამიანს დაასაქმებს და შეძლებს აწარმოოს სხვადასხვა სახის შესაფუთი მასალები გოფრირებული ქაღალდისა ან გოფრირებული მუყაოსაგან, მაღალხარისხიანი ნაბეჭდი რეპროდუქციები, სანათების მოწყობილობები და ა.შ. ამასთანავე, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მაღალხარისხიან ბეჭდვას, როგორც მინის ასევე კერამიკულ ნაწარმზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შპს "უვ პრინტი", რომელიც 2017 წლის ბოლოს გეგმავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 430 000 ლარს შეადგენს.
„2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება და უძრავი ქონებით უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 282 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა 636 000 000 ლარზე მეტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.