"ჩემი ოჯახის კლინიკა” ”სამედიცინო კორპორაცია ევექსად” გარდაიქმნა

ჰოსპიტალური ქსელი "ჩემი ოჯახის კლინიკა" მომხმარებლის წინაშე ახალი ბრენდითა და ახალი კორპორატიული სტილით - "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" სახელით წარსდგება.

კომპანიაში აცხადებენ, რომ რებრენდინგი მმართველი გუნდისა და ბიზნეს სტრატეგიის ცვლილებამ განაპირობა, რაც გულისხმობს ჰოსპიტალურ ქსელში საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებთან (JCI) მიახლოებული, პაციენტზე მორგებული სამედიცინო მომსახურების დანერგვას.

"ევექს-სტანდარტიზაციის შედეგად, საქართველოს სამედიცინო სექტორში მნიშვნელოვანი გარდატეხა განხორციელდება და თითოეული რეგიონის მოსახლეობას საშუალება ექნება, მიიღოს ქსელში შემავალ კლინიკებში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება", - განმარტეს კომპანიაში.

აწ უკვე ”სამედიცინო კორპორაცია ევექსი” ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც 6 რეგიონში 36 კლინიკით არის წარმოდგენილი.

"განახლებული სტრატეგიის შესაბამისად, ევექს-სტანდარტიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია პერსონალისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, კორპორაციამ დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "ქუთაისის სასწავლო და კვლევითი ცენტრი", რომელიც იქნება პირველი სამედიცინო პროფესიული სასწავლო ცენტრი დასავლეთ საქართველოში. ცენტრი ფუნქციონირების პირველ ეტაპზე მოემსახურება "სამედიცინო კორპორაცია ევექს"-ის სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალს. ხოლო მეორე ეტაპზე განახორციელებს საქართველოში არსებული სხვადასხვა სამედიცინო ინსტიტუტებისა და ტრენინგების საჭიროებებით დაინტერესებული პირების მომსახურებას,” - აცხადებენ კომპანიაში.

"ქუთაისის სასწავლო და კვლევით ცენტრი" გეგმავს სწავლების თანამედროვე მეთოდებით, თეორიული ლექცია-სემინარებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით უზრუნველყოს სამედიცინო პერსონალის მუდმივი წვდომა მსოფლიო მედიცინის უახლეს, თანამედროვე მიღწევებზე.

კომპანია “ალდაგის” შვილობილმა კომპანიამ ”ჩემი ოჯახის კლინიკამ” ”ავანტე ჯგუფის" 80%-იანი წილი თებერვლის ბოლოს შეისყიდა. შესაბამისად, ჰოსპიტალური ქსელი ოთხი სამედიცინო დაწესებულების, იაშვილის სახ. კლინიკის, ”ციციშვილის სახ, იგივე ბავშვთა ახალი კლინიკის” და თბილისსა და ბათუმში მდებარე ორი სამშობიარო სახლის, ”ახალი სიცოცხლისა” და ”ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს” მფლობელი გახდა.