საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, ერთ-ერთი სტუმრისთვის შეძენილი იქნა 1000-ლარიანი საცურაო კოსტიუმი, რაც სდსს-ს ყოფილმა თანამშრომლებმა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს, - ამის შესახებ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საქმის პროკურორმა ქეთევან ჩაჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პროკურორის თქმით, აღნიშნული ხარჯი არ არის ერთადერთი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სტუმარი ქალბატონებისთვის გაიწია.
პროკურატურის განცხადებას დაცვის მხარე გამოეხმაურა. ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ აღნიშნულ თემაზე აქცენტის გაკეთება, როგორც პოპულისტური ქმედება ისე შეიძლება შეფასდეს. ბრალდებულის და სდსს-ს ყოფილი ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ხარჯების 95 პროცენტი გაწეული იყო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავებისთვის, ასევე კვებისა და საცხოვრებელი ფართიისთვის, რომელიც სტუმრებზე იხარჯებოდა.
”მოწმეების მიერ გაცხადებულია, რომ მათ დაახლოებით 2 მილიონამდე ლარის ოდენობის თანხა აქვთ დახარჯული და ეს ძირითადად, სასტუმროებისა და კვების ხარჯებს გულისხმობს. ის ხარჯები კი, რაზეც საუბარია პროკურატურის მიერ, ჯამში არ აღემატება 10 ათას ლარს,” - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმე შერჩევით სამართალთან გვაქვს, რადგან მსგავსი ხარჯების გაწევა დღესაც ხდება.
”თუ ისჯება თეიმურაზ ჯანაშია, უნდა დაისაჯოს მაშინ სდსს-ს სხვა ხელმძღვანელებიც, რომელბიც ანალოგიურ ქმედებას ახორციელებენ. ფაქტია, რომ საქმე შერჩევით სამართალთან გვაქვს,” - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
საქმეში, რომელიც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ეხება, ბრალდებულები არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სდსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ ჯანაშია.