ჩემი თანაგუნდელები საქართველოში დავპატიჟე და სტუმრობასთან დაკავშირებით ინტერესიც გამოთქვეს. ამის შესახებ NBA-ის მოქმედი ჩემპიონის „გოლდენ სტეიტის“ ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ „ფეისბუქ ლაივის“ საშუალებით განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ, „ბიზნესპრესნიუსი“ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ კალათბურთელები შესაძლოა საქართველოში ზაფხულში, ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე მათი ქართველი თანაგუნდელის, ზაზა ფაჩულიას მოწვევით ჩამოსულიყვნენ.
„საქართველოზე რომ ბევრს ვლაპარაკობ, ალბათ ყველამ კარგად იცის. საქართველოში ჩემი თანაგუნდელებიც დავპატიჟე. სტუმრობასთან დაკავშირებით მათ ინტერესი გამოთქვეს და ზაფხულში თუ დრო გამონახეს და ჩამოვიდნენ, გამახარებენ. დარწმუნებული ვარ თვითონაც ძალიან ისიამოვნებენ და ალბათ, ასეთი დონის მოთამაშეების ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა თქვენც გაგეხარდებათ“, - აღნიშნა ფაჩულიამ ქართველი გულშემატკივრის კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად მართალი იყო, მისი თანაგუნდელების საქართველოში სტუმრობა.
ზაზა ფაჩულიას გუნდმა "გოლდენ სტეიტმა" 13 ივნისს ოკლენდში გამართული ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "კლივლენდ კავალიერსი" ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდში თამაშობენ ასევე დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი და სხვები.