თბილისის მოსახლეობის 92% ფიქრობს, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის წინაშეა

თბილისელებს ყველაზე რეალურ საფრთხედ ეკონომიკური კრიზისი მიაჩნიათ.

"ეისითის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92% ფიქრობს, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე უკვე დგას.

თბილისის მაცხოვრებლების აზრით, ქვეყანა ასევე დგას ისეთი საფრთეების წინაშე, როგორებიცაა მიგრაცია (85%); ეკოლოგიური კატასტროფები (ჰაერის დაბინძურება, მწვანე საფარი და ა.შ) (85%); დემოგრაფიული კრიზისი (მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირება) – (84%); ქართული ტერიტორიების ოკუპაცია სხვა ქვეყნების მიერ (83%) და ბუნებრივი კატაკლიზმები (სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა).

ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებად შედარებით ნაკლებად მოიაზრებენ კრიმინალის გაძლიერება / მატებას (59%); სამოქალაქო დაპირისპირებას (48%); ომს (46%).

საინტერესოა, რომ ტერორიზმი, რომელიც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თბილისელების 37%-ს მიაჩნია საქართველოს წინაშე მდგარ რეალურ საფრთხედ.

„ეისითის“ ცნობით, გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება 4.9%-ს არ აღემატება.

bpn