ევროკავშირის სამიტის მონაწილეებმა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს. აღნიშნულის შესახებ ბრიუსელში ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განუცხადა.
„ჩვენ ემანუელ მაკრონთან ერთად მოხსენება გავაკეთეთ მინსკის პროცესისა და ნორმანდიულ ფორმატში მუშაობის პროცესის შესახებ. სამწუხაროდ, იძულებული ვართ დავაფიქსიროთ, რომ ამ კუთხით ცოტა პროგრესი გვაქვს. მუდმივად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, ამიტომაც პოლიტიკური პროცესის გაგრძელებისთვის საკმარისი საფუძველი არ არის“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერის განმარტებით, „ამგვარ გარემოებებში ყველამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი სანქციების გახანგრძლივებას“.
რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოქმედებების ვადა 31 ივლისს იწურება და შესაბამისად, მისი გახანგრძლივება 2018 წლის 31 იანვრამდე მოხდება.