ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრივატიზაციის მიზნები ბუნდოვანია, - ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი.
ომბუდსმენის შეფასებით, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრივატიზაციის პროცესი მიმდინარეობს ნაჩქარევად, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე.
"ამასთან, არ გამოცხადებულა ღია კონკურსი, წინასწარ არ განსაზღვრულა კვალიფიკაცია ან გამოცდილება, რომელიც მოეთხოვებოდა პოტენციურ ინვესტორს. ინვესტორის ბიზნეს-მოდელი გაურკვეველი რჩება. სარეკომენდაციო წერილში ხაზგასმულია, რომ პრივატიზაციის პროცესში უნდა ჩამოყალიბდეს მოთხოვნათა დეტალური სია და დაზუსტდეს სანქციები, რომლებიც მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ამოქმედდება. უნდა შემუშავდეს კონტროლის ადეკვატური ფორმები, მათ შორის საზოგადოებრივი და პაციენტთა საბჭოები, ხოლო პაციენტთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებული იყოს საჩივრების შეტანის მექანიზმი", - ნათქვამია ომბუდსმენის ანგარიშში.