მტკვრის სანაპიროზე 8 კმ სიგრძის ველოტრასა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განაცხადეს.
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, მტკვრის სანაპიროზე 8 კილომეტრიანი ველოტრასა წრიული იქნება და იგი უკვე მოწყობილია. რამდენიმე დღეში კი, მისი დახაზვა დაიწყება, რის შემდეგაც იგი მზად იქნება.
როგორც საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ველოტრასა „დედაენის ბაღიდან“ დაიწყება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტროტუარზე გაგრძელდება. ვახუშტის ხიდით კი მტკვრის მეორე სანაპიროზე გადავა, ზაარბრიუკენის მოედანს გაივლის და დედაენის ბაღიდან შესაძლებელი იქნება რიყის პარკში გადასვლა.
საქალაქო სამსახურის განცხადებით, ველოსიპედებით მოსიარულეებისთვის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ორი შუქნიშანი დამონტაჟდა. კერძოდ, რესტორან „თავადურთან“ და „ზაარბრიუკენის მოედანთან“. ასევე, ველოტრასის მიმდებარედ ოთხი ველოსადგომი გაკეთდა. კერძოდ, დედაენის ბაღში, მშრალ ხიდთან, რიყეზე და ზაარბიუკენის მოედანთან.
საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მტკვრის სანაპიროზე ველოტრასისთვის ადგილი ველომოყვარულების სურვილითა და მათი აზრის გათვალისწინებით შეირჩა.