დღეიდან WIZZ AIR-ი ქუთაისის აეროპორტიდან ვილნიუსის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ იფრენს

2014 წლის 31 მარტიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ვილნიუსის მიმართულებით რეისი კვირაში 2-ჯერ განხორციელდება.

დღეს კი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, განსაკუთრებული დახვედრა მოეწყო რეისის პირველი მგზავრებისთვის და თითოეულ მგზავრს საჩუქრად ქართულ ღვინო გადასცა.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.

„2012 წლის 27 სექტემბერს აეროპორტის გახსნა მოხდა ძალიან ნაჩქარევად, შესაბამისად მთელი 2013 წლის განმავლობაში ჩვენ ხელისუფლებას ყოველდღიურად მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ აეროპორტს ნორმალური ფუნქციონირება გაეწია: გამოიყო დამატებით 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია, დასრულდა სამშენებლო სამუშოები გასტუმრებულ იქნა კრედიტორული დავალიანება. ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ ქუთაისის აეროპორტი იყოს წარმატებული, სერვისები კი - მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ჩვენი მეშვეობით და მეოხებით დღეს ქუთაისის აეროპორტში ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ სრულფასოვნად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახუროს მგზავრებსა და ავიაკომპანიებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღეისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული რეისები სრულდება შემდეგი მიმართულებებით: კიევი, ხარკოვი, დონეცკი, ვარშავა, კატოვიცე, მოსკოვი, მინსკი, თელავივი.

გარდა ამისა, ზაფხულის სეზონიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები განხორციელდება ახალი მიმართულებებით: ლვოვი (მაისიდან) და ბუდაპეშტი (სექტემბერიდან).