1 ივლისიდან სავალდებულო ხდება ქონების რეალიზაციის ფასის მხოლოდ ლარში გამოხატვა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში 1 ივლისიდან პირებს გარკვეული სანქციები დაეკისრებათ.
როგორც ეროვნულ ბანკში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ფასის ლარში მითითების ვალდებულება ვრცელდება როგორც უძრავ, ისე მოძრავ ქონებაზე.
მათივე ცნობით, აღნიშნული ვალდებულება 1 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიაზე ყველა მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაეკისრება. ხოლო იმ პირზე, რომელიც მეწარმე სუბიექტი არ არის, ეს ვალდებულება არ გავრცელდება.
ფასის ლარში მითითება სავალდებულო იქნება განცხადებების საიტებზეც, როგორიცაა myauto.ge, mymarket.ge, myhome.ge და ა.შ. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუ მსგავს საიტებზე განცხადებას არამეწარმე ფიზიკური პირი განათავსებს, მასზე ფასის ლარით გამოხატვის შეზღუდვა არ გავრცელდება.
"რაც შეეხება ვებ-გვერდის ადმინისტრატორს, თუ ის თავად არ არის განმცხადებელი და/ან არ აკონტროლებს განცხადების შინაარსს თუ სხვა დეტალებს, არამედ მხოლოდ უზრუნველყოფს განცხადებებისათვის პლატფორმის მიწოდებას ვებ-გვერდის თუ ბეჭდური მედიის სახით, მას ფასის ლარში მითითების ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
აღსანიშნავია, რომ პირველ ჯერზე ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევა წინადადების მიმცემის ან რეკლამის დამკვეთის გაფრთხილებას გამოიწვევს. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისას პირი 1 000 ლარით , ხოლო ყოველი მომდევნო ჩადენისას 5 000 ლარით დაჯარიმდება“, - აღნიშნეს ეროვნულ ბანკში.
რაც შეეხება იმიას, გულისხმობს თუ არა ეს წესი პირთა დავალდებულებას რომ ქონების შეძენისას გაფორმებულ ხელშეკრულებაში თანხა მხოლოდ ლარში მიუთითონ, ეროვნულ ბანკში განაცხადეს, რომ „ეს ვალდებულება პირთა მიერ ხელშეკრულებაში ვალუტის განსაზღვრის შემთხვევაზე (სახელშეკრულებო ვალუტა) არ ვრცელდება“.
იხილეთ ასევე ამ თემაზე : ვის არ ექნება ვალდებულება ფასდება მხოლოდ ლარში მოახდინოს
თაია არდოტელი