ახალი აპლიკაცია თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას გაგიმარტივებთ

"#1 გლობალური აპლიკაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ხელის გულზე დატეული თქვენი სიმშვიდე" - ასე აღწერენ აპლიკაციის შემქმნელები, ნავიგაციის თანამედროვე და ყველაზე მარტივ სისტემას.

Moovit-ს მსოფლიოს 1 400 ქალაქში, 60 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაცია 24 საათის განმავლობაში, გეხმარებათ გაიგოთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ავტობუსებისა და მეტროს ადგილმდებარეობა, დანიშნულების ადგილზე მოხვედრის დრო და საშუალებები. აპლიკაცია ხელმისაწვდომია თბილისელებისთვისაც, Moovit მორგებულია როგორც Ios ისე, Android სისტემაზე, ორივე მათგანის მომხმარებლებისთვის, აპლიკაციის ჩამოტვირთვა უფასოა.

მაშ ასე, როგორ მუშობს Moovit - ავტორიზაციის გავლის შემდეგ, თქვენ საშუალება გაქვთ, პროგრამას თქვენი ყოველდღიური მარშრუტები დაამახსოვრებინოთ. შესაბამისად, სახლიდან გამოსვლამდე წინასწარ გეცოდინებათ, როდის მოვა თქვენთვის სასურველი ტრანსპორტი.

აპლიკაციას სამი სამუშაო ველი აქვს, ერთ-ერთია "მიმართულებები", რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მართოთ თქვენი გადაადგილება. ანუ, მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მარშრუტი და აპლიკაცია, როგორც ფეხით გადასაადგილებელ მარშრუტს, ისე სატრანსპორტო საშუალებებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ახლომდებარე გაჩერებიდან თქვენს გადაადგილებას უზრუნველყოფენ.

მეორე ველია "სადგურები", ანუ გაჩერებები, რომლის საშუალებითაც იგებთ თქვენ მახლობლად მდებარე გაჩერებებისა და ავტობუსების ადგილმდებარეობას. ამასთან, აპლიკაცია გეუბნებათ, თუ რამდენ ხანში იქნება, კონკრეტული ტრანსპორტი, თქვენ მიერ შერჩეულ გაჩერებაზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ დაამახსოვრებინოთ პროგრამას როგორც გაჩერება, ისე სატრანსპორტო საშუალება.

და მესამე ველი, "ხაზები", ანუ სატრანსპორტო საშუალებებია. აქ მოცემულია თბილისის მასშტაბით მოძრავი ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ ველის დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ რომელი სატრანსპორტო საშუალება რა მარშრუტს გადის. ანუ სასურველი ლოკაციის მიხედვით, შეარჩიოთ ტრანსპორტის ნომერი. აქაც გაქვთ საშუალება, ხშირადგამოყენებადი ტრანსპორტი ფავორიტებში დაამატოთ.

მოკლედ, როგორც აპლიკაციის ავტორები ამბობენ, "ხელის გულზე დატეული თქვენი სიმშვიდე" ანუ Moovit, საშუალებას მოგცემთ ტყუილად არ იდგეთ გაჩერებებზე, დაზოგოთ დრო და ენერგია.

ნარიტა ჩხაიძე

წყარო ALLNEWS.GE