”სტარტაპ საქართველომ” დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში ”ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოების” პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროექტი მოიცავს ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოებას და რეალიზებას, რომლის პროდუქტი გამოიყენება გარე ფასადისა და ინტერიერისთვის. პროექტის ავტორების განცხადებით, მათ ასევე შეუძლიათ დაამზადონ ნებისმიერი ფორმის დეკორატიული აგური, როგორსაც მომხმარებელი შეუკვეთავს.
”დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას” მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. ”სტარტაპ საქართველო” მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.
როგორც შპს ”ჯეო ნიუ სტილის” დამფუძნებელმა კახა თუთბერიძემ განმარტა, პროექტის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ გამოყენებულ დეტალებს ანალოგი არ გააჩნია.
”ჩვენი პროექტი ეხება დეკორატიული აგურების და ფილების წარმოებას. ინოვაციურობა გამოიხატება იმაში, რომ ვიყენებთ ისეთ დეტალებს, რომლებსაც ანალოგი არ გააჩნია არამარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ბაზარზე. ეს არის სარკის, ყავის, ზღვის კენჭების ფაქტურა და ა. შ.”. ჩვენ შეგვიძლია დავამზადოთ ის, რაც მომხმარებელს სურს”, - განაცხადა კახა თუთბერიძემ.
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, პროექტი ერთი წელია რაც მიმდინარეობს.
”ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ”სტარტაპ საქართველოს” კიდევ ერთი ახალი პროექტის პრეზენტაციაა დღეს. ეს პროექტი ერთი წელია რაც მიმდინარეობს. როგორც ინოვაციურ, ასევე მაღალტენოლოგიურ ნაწილში უკვე თითქმის 100-მდე პროექტია გამარჯვებული. ჩვენ ბოლო პერიოდში გამარჯვებული პროექტების გახსნის პროცესებით ვართ დაკავებული. დღეს ინოვაციური დეკორატიული აგურის საწარმოს პრეზენტაციაა, ახალგაზრდა ადამიანებმა მართლაც ძალიან საინტერესო ნიშას მიაგნეს. შექმნეს კარგი იდეა დეკორაციული აგურის წარმოებაში, რომელიც ოფისებისა და ბინების ინტერიერის გაფორმებაზე იქნება ორიენტირებული”, - განაცხადა დავით საგანელიძემ.
როგორც ”სტარტაპ საქართველოს” დირექტორმა ვაჟა მენაბდემ აღნიშნა, დეკორატიული აგურის პროექტმა თავიდანვე მოწონება დაიმსახურა.
”ეს პროექტი როდესაც შემოვიდა კომიტეტზე, იმთავითვე მოწონება დაიმსახურა, რადგან ძირითადი სიახლე იყო ძალიან ინოვაციური და თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტა, შესაბამისად, ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ეს პროექტი. წარმოება დაწყებულია, შეკვეთების მისაღებად საწარმო მზადაა და ვფიქრობ, მომხმარებელს ძალიან დააინტერესებს”, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.
”სტარტაპ საქართველოს” 79 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ”სტარტაპ საქართველომ” უკვე გამართა ”ავტომობილების ვერტიკალური პარკირებისა” და ”ონლაინ კლინიკის” პრეზენტაცია.