გურიაში უალკოჰოლო სასმელების საწარმო გაიხსნა

გურიაში უალკოჰოლო სასმელების თანამედროვე სტანდარტის ახალი საწარმო გახსნა.

საწარმო პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.  სოფელ ნაბეღლავში მდებარე უალკოჰოლო სასმელის საწარმოში 40 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.

"განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე საწარმო იხსნება. მინდა, ეს დღე ყველაზე მეტად მივულოცო ადგილობრივ მცხოვრებლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც აქ, ამ საწარმოში უნდა ააშენონ ქართული ინდუსტრიული პოტენციალის მომავალი. მართლაც მეამაყება, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი საწარმო იხსნება. ნამდვილად ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც ჩვენ ვხედავთ ამხელა მიღწევას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სასიხარულოა, რომ საუბარია არა მხოლოდ ერთ საწარმოზე, არამედ მთელ კომპლექსზე - უკვე გაშენებულია 70 ჰექტარზე მეტი თანამედროვე სტანდარტის ხილის ბაღები, რომლის ფართობის 500 ჰექტრამდე გაზრდა იგეგმება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებაზე.

"მნიშვნელოვანია, რომ ისეთი გიგანტი, ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის ბრენდის ქვეშ, როგორიცაა კომპანია "რაუხი", ქართული პროდუქცია გაიყიდება არაერთ საექსპორტო ბაზარზე. გილოცავთ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ ძალიან სტრატეგიული პროექტის განხორციელებაში. ძალიან მახარებს, რომ გარემოსდაცვითი კუთხითაც დაცულია უმაღლესი სტანდარტები. მინდა, ყველა მეწარმეს საქართველოში ვთხოვო და მოვუწოდო, ასეთი სტანდარტი დავიჭიროთ, რადგან ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ყველა ტექნოლოგიური მიღწევის წინა ხაზზე. ეს ქარხანა სწორედ ამის დადასტურებაა", - აღნიშნა პრემიერმა.

უწყების ცნობით, ახლადგახსნილ საწარმოში „წყალი მარგებელი“, ევროპაში წვენებისა და უალკოჰოლო სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანია „რაუხთან" ერთად, სხვადასხვა სახეობის წვენს, ლიმონათსა და სხვა უალკოჰოლო სასმელს აწარმოებს. საქართველოში წარმოებული საერთაშორისო ბრენდის პროდუქტი ასევე გავა ექსპორტზე. პროექტი ავსტრიელ და შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად, EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალი ქარხნის გახსნას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ავსტრიისა და შვეიცარიის ელჩები დაესწრნენ.