2017 წლის „სოციალური პროგრესის ინდექსში“, რომელიც ქვეყნაში ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს, საქართველო 70 ქულით 128 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზე მოხვდა.
წინა წლის ინდექსთან შედარებით, საქართველო მხოლოდ ერთი პოზიციით დაწინაურდა.
ამერიკული ორგანიზაცია Social Progress Imperative-ის ინდექსის თანახმად, საქართველო საშუალო სოციალური პროგრესის ზედა ზღვარის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა.
„სოციალური პროგრესის ინდექსი“ მსოფლიოს ქვეყნების მიღწევებს სოციალური პროგრესისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიხედვით აფასებს.
სოციალური განვითარების სფეროში ამა თუ იმ ქვეყნის მიღწევის შეფასებისას ავტორები 50 მაჩვენებელს იყენებენ, რომელიც სამ ძირითად ჯგუფშია გაერთიანებული.
1. ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები - კვება, სამედიცინო დახმარებისადმი წვდომა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, წყლის, ელექტრობისა და სანიტარული მომსახურების ხელმისაწვდომობა, პირადი უსაფრთხოების დონე.
2. ადამიანის ძირითადი კეთილდღეობა - საბაზო ცოდნის ხელმისაწვდომობა და მოსახლეობის განათლების დონე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებებისადმი წვდომა, ჯანდაცვის დონე, ეკოლოგიური მდგრადობა.
3. ადამიანის განვითარების შესაძლებლობა - პირადი და სამოქალაქო თავისუფლების დონე, ადამიანის უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა, ტოლერანტობა და ინკლუზია, უმაღლეს განათლებაზე წვდომა.
კვლევის თანახმად საქართველომ უმაღლესი ქულები მიიღო შემდეგ კომპონენტებში: ძირითად ცოდნაზე ხელმისაწვდომობა - 99,26 ქულა, კვება და ჯანდაცვა - 95.96 ქულა, წყალი და სანიტარია - 90.26 ქულა, პირადი უსაფრთხოება - 82.87 ქულა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა - 79.48. დაბალი ქულებით შეფასდა შემდეგი კომპონენტები: ტოლერანტობა და ინკლუზია - 26.30 ქულა, განათლებაზე ხელმისაწვდომობა - 55.80 ქულა, პერსონალური თავისუფლება და არჩევანის უფლება - 57.87, გარემოს ხარისხი - 58.74 ქულა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა - 62.85 ქულა.
სოციალური პროგრესის კუთხით 2017 წლის ლიდერი დანია გახდა, რომელსაც ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია და შვეიცარია მოსდევს. ბოლო ხუთეულში კი ნიგერია, ანგოლა, ჩადი, ავღანეთი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მოხვდნენ.