ბორჯომის მუნიციპალიტეტში 4 ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლმა დიმიტრი ყიფიანმა განაცხადა, დაბა ახალდაბაში, სოფელ ვარდგინეთში და სოფელ ჭობისხევში ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი ხიდები განახლდა. სოფელ ყვიბისში კი რეაბილიტაცია სამანქანო ხიდს ჩაუტარდა.
„ხიდებზე გამოიცვალა სავალი ნაწილი, შეიღება ლითონის კონსტრუქციები, მისასვლელ გზაზე მოეწყო კიბეები და მოაჯირები. ხიდები წლებია დაზიანებული იყო და მოსახლეობის უსაფრთხოდ გადააგილებას საფრთხეს უქმნიდა, სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ 94 631 ლარით დაფინანსდა“,- განაცხადა ყიფიანმა.
როგორც ”ინტერპესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, სულ ცოტა ხნის წინ სოფელ ჩითახევში დასრულდა ახალი ხიდის მშენებლობ, რომელსაც სპეციფიური დანიშნულება აქვს და ადგილობრივების გარდა ჯომარდობის მოყვარული და პროფესიონალი სპორტსმენები სარგებლობენ. აღნიშნული პროექტისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტისგან 91 420 ლარი გამოიყო.
ბორჯომში ე.წ. დიდი ხიდის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ხიდზე გათვალისწინებულია გზის სამოსის და ტროტუარების მოწყობა, ბურჯების, მოაჯირებისა და არსებული მილსადენის შეღებვა-შელესვის სამუშაოები.