დიმიტრი ქუმსიშვილი პრეზენტაციას - „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ დაესწრო

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ,,ექსპოჯორჯია“-ში გამართულ პრეზენტაციას - „ნეტო აღრიცხვის რეგულირება საქართველოში“ დაესწრო.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, პრეზენტაციაზე მოხსენება გააკეთა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ღონისძიებას ასევე დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ენერგოეფექტურობის მხარდასაჭერად საგადასახადო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებს ამჟამად პარლამენტი განიხილავს. მისივე თქმით, ცვლილებების მიხედვით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მფლობელები ჭარბი ელექტროენერგიის გაყიდვისას საშემოსავლო და მოგების გადასახადს არ გადაიხდიან.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კომპანიები, ასევე ფიზიკური პირები ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მიკრო სიმძლავრის სადგურების სისტემის ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრებ ყველა ოჯახს აქვს შესაძლებლობა საკუთარ საცხოვრებელ ტერიტორიაზე დაამონტაჟოს განახლებად ენერგიაზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური. გამომუშავებული ელექტროენერგია კი - თავადვე მოიხმაროს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამომუშავებული ელექტოენერგიის გახარჯვა სრულად ვერ მოხდა, მომხმარებელი მას ნეტო აღრიცხვის ქსელში გაუშვებს.