საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი ივნისისათვის 16.4 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 173.4 მილიონი ლარით ანუ 1.1 პროცენტით მეტია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით მეტი).
ეროვნული ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 49.7 მილიონი ლარით ანუ 0.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.0 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 123.6 მილიონი ლარით, ანუ 1.7 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 2.0 პროცენტით) გაიზარდა.
„მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 31.42 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.05 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.9 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.2 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 86.0 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 11.4 პროცენტი შეადგინა,“-ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.