ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების საკითხზე კონფერენცია გაიმართება

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხზე კონფერენცია გაიმართება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციიდან “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” იუწყებიან, 27 ივნისს 10:00-14:00 საათზე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტი (East-West Management Institute, ACCESS) გამართავს კონფერენციას, რომელზეც ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის, კერძო სექტორის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები განიხილავენ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხს.

”აღსანიშნავია, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განახორციელოს შესაბამისი ევროდირექტივის მოთხოვნების დაცვით. კონფერენციის ფარგლებში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია“ წარადგენს პრეზენტაციას, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ეფექტიანად განხორციელებისათვის. ასევე წარმოდგენილ იქნება კვლევის შედეგები, რომელმაც გამოავლინა სხვადასხვა ქალაქში საზოგადოების დამოკიდებულება მომავალ წელს ავტომობილების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირების დაწყებასთან დაკავშირებით. ასევე დეტალურად იქნება განხილული ევროკავშირის დირექტივა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით და ინსპექტირების ოპტიმალური მოდელი”, - განმარტავენ ორგანიზაციაში “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, ევროკავშირისა და USAID-ის მისიის წარმომადგენლები.