საქართველოს მასშტაბით 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა დამონტაჟდება.როგორც ”ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, ე.წ. ჭკვიანი კამერების მონტაჟი ივლისის ბოლოდან დაიწყება და სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება.
თავდაპირველად ე.წ. ჭკვიანი კამერების განთავსება დიდ ქალაქებში, შემდგომ კი ყველა მუნიციპალიტეტში იგეგმება.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სატესტო რეჟიმმა აჩვენა, რომ აღნიშნულ სისტემას დარღვევები ფაქტობრივად არ ეპარება.
”ეს არის სტაციონარული კამერები. ჩვენ ყველა მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ვართ, კამერების ტესტირება დასრულებულია. პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კამერებს ჭკვიანს ხდის შეძენილი გვაქვს. ივლისის ბოლოდან დაიწყება ამ კამერების მონტაჟი თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ავტობანზე. ახლა დამონტაჟებულია სატესტო, რომელსაც დავაკვირდით და რეალურად, ამ სისტემას დარღვევები ფაქტობრივად არ ეპარება. დასამალი არ არის, რომ მძღოლები მოშვებული არიან და ამ კამერებს დიდად ყურადღებას არ აქცევენ. ყველა კამერასთან განთავსდება ამოსაცნობი ნიშანი და ეს ნიშანი იქნება მაჩვენებელი, რომ ამ კამერის რეალურ დროში კონტროლი მიმდინარეობს პოლიციის მიერ. ახლა ჯარიმების დაფიქსირება ხდება ხელით. ამ კამერების შემთხვევაში კამერა მანქანის დანახვისთანავე აფიქსირებს ვინ არის ავტომობილის მესაკუთრე და ა.შ. თუ დაარღვია, რა დაარღვია, ავტომატურად ეს დაკავშირებულია სხვა პროგრამასთან, რითაც იწერება ოქმი. ადამიანის როლი გამორიცხულია. ივლისიდან დაიწყება ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟება და სისტემა ეტაპობრივად ამოქმედდება. თავდაპირველად განთავსება დიდ ქალაქებში, შემდგომ ყველა მუნიციპალიტეტში იქნება ასეთი კამერები. საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი არის 3 000 -მდე ასეთი კამერის დამონტაჟება”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ე.წ. ჭკვიანი კამერების უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება.
”დღეს ჩვენი თანამშრომლები სხედან და აჯარიმებენ მოქალაქეებს, დარღვევებს ხელით აფიქსირებენ, ადამიანურ ფაქტორზეა დამოკიდებული, რაც ფიზიკურად დიდ შრომას მოითხოვს და ისეთი ეფექტურიც არ არის. ჭკვიანი კამერა დააფიქსირებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას. ერთ-ერთი პრინციპი ის არის, რომ სიჩქარის გადაჭარბებას დააფიქსირებს არა მხოლოდ კამერასთან, არამედ, კამერასა და კამერას შორისაც. მოქალაქე, რომელიც კამერასთან შეანელებს მოძრაობას და შემდეგ მოუმატებს, ეს კამერები, მაინც დაითვლიან”, - განმარტა შალვა ხუციშვილმა.