აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ ნაწილობრივ აღადგინა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის შესახებ.ინფორმაციას „ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
დადგენილება ნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ მარტში გამოცემული ბრძანება ნაწილობრივ იქნება აღდგენილი მანამდე, ვიდრე უმაღლესი სასამართლო ბოლომდე არ დაასრულებს საქმის შესწავლას, რასთან დაკავშირებითაც მომდევნო მოსმენა ოქტომბერში გაიმართება.
სასამართლომ შეზღუდა ბრძანებულების მოქმედება იმ უცხოელებზე, რომლებსაც მჭიდრო კავშირები გააჩნიათ ამერიკულ ორგანიზაციებთან, ბიზნესთან და მოქალაქეებთან. ივნისის დასაწყისში დონალდ ტრამპმა მიმართა უმაღლეს სასამართლოს თხოვნით, გადაეხედა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის, რომელმაც მიზანშეწონილად ჩათვალა, ძალაში დაეტოვებინა დროებითი აკრძალვის შესახებ საიმიგრაციო ბრძანებულება.
მანამდე ფედერალურმა სასამართლოებმა ორჯერ გამოიტანეს გადაწყვეტილება ტრამპის ბრძანებულების დაბლოკვის შესახებ მიგრაციის სფეროში ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით.