ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა იმ პირების „შავი სია“ გამოაქვეყნა, რომლებიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებში იყვნენ ჩართული.
სიაში 238 კომპანიის და შპს-ის სახელია მითითებული.
„გაცნობებთ, რომ მოცემული გადასახადის გადამხდელები და დამნაშავე პირები ჩამოთვლილი გადასახადის გადამხდელების ბეჭდებს და სალარო აპარატების ჩეკის ესკიზებს იყენებდნენ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დასამზადებლად. გაითვალისწინეთ, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი შემოწმების პროცესში განსაკუთრებული ყურადღებით შეისწავლის აღნიშნული გადამხდელების სახელით გამოწერილ საგადასახადო დოკუმენტებს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „შავ სიას“ ახლავს და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ ამ საკითხით დაინტერესდა და კომენტარისთვის შემოსავლების სამსახურს მიმართა. უწყების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინფორმაციის გასაჯაროება კეთილსინდისიერ გადამხდელთა დაცვის მიზნით გადაწყვიტეს.
„შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე განთავსებულია იმ პირთა რეესტრი (ე.წ. შავი სია ), რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იქნენ მიცემული ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განხორციელებისთვის. ზემოაღნიშნული ქმედებისთვის პასუხისმგებლობა დადგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა რეესტრის გასაჯაროება მიზნად ისახავს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელთა დაცვას მართლსაწინააღმდეგო გარიგებებში ჩაბმისაგან“, - აცხადებენ ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.
აღნიშნული ფაქტის შეფასება ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ვთხოვეთ. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაული პირველ რიგში სახელმწიფოს აზიანებს.
"ყალბი დოკუმენტების გამოყენება ფინანსური მაქინაციაა, ეს არის დანაშაული, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად, ან არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე. თუ უკანონო ფინანსურ გარიგებებში რამდენიმე სუბიექტი მონაწილეობს, ეს უკვე ჯგუფური დანაშაულია. ახლა მთავარია გაირკვეს, ერთობლივად მოქმედებდნენ თუ რომელიმე გადასახადის გადამხდელი ცალკე, დამოუკიდებლად მოქმედებდა. როგორც გითხარით, ჯგუფური დანაშაულის შემთხვევაში სასჯელი იზრდება", - აღნიშნავს ირაკლი უტიაშვილი.
შპს „ბიდიოს“ მმართველი პარტნიორმა, აუდიტორმა ზურაბ ლალაზაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს ყოველთვის მიესალმება.
"ჩემი აზრით, ეს ჩვეულებრივი პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც შემოსავლების სამსახურმა განახორციელა. როგორც ჩანს, ეს გადამხდელები საიდენტიფიკაციო კოდით სარგებლობდნენ და მას უსაქონლო ოპერაციებისთვის იყენებედნენ. შემოსავლების სამსახურის ტაქტიკაა, რომ გადამხდელები გააფრთხილოს, თუმცა ეს საკითხი შესაბამისმა უწყებებმა საფუძვლიანად უნდა შეისწავლონ, რომ სხვისი დანაშაულის გამო კეთილსინდისიერი გადამხდელებიც არ დაზარალდნენ. ბუნებრივია, დამნაშავეები შეიძლება დასაჯონ და კიდეც დააჯარიმონ", - ამბობს ზურაბ ლალაზაშვილი.
მისი თქმით, ეს ფაქტი გაფრთხილება უნდა იყოს ყველა კეთილსინდისიერი მეწარმისთვის:
-უკანონო ფინანსურ მაქინაციებში ჩართვა ძნელი სულაც არ არის, სალარო-აპარატის ჩეკის ესკიზის დამზადებაც იოლია - ის შეიძლება ცალკე, სულ სხვა ქვითარზე, ან ქაღალდზე დაიბეჭდოს. მთავარია, მეწარმემ იცოდეს, რომ მსგავსი ფაქტები ყველას აზიანებს - პირველ რიგში კი, ჩვენს ეკონომიკას და საქართველოს მოქალაქეებს. ახლა მთავარია, ამ კომპანიების საქმე სერიოზულად შეისწავლონ. გასარკვევია, ვის აქვს შესყიდვები განხორციელებული, მართლა განხორციელდა ესა თუ ის ოპერაცია თუ ყველაფერი სიყალბე იყო და ა.შ... რასაკვირველია, ამ ყველაფრის გარკვევას და სიმართლის დადგენას ფინანსური პოლიციის ჩართვა და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება დასჭირდება.
ხათუნა ჩიგოგიძე