ჩინეთის ცენტრალური ბანკი ბრუნვაში კრიპტოვალუტას გამოუშვებს

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი კრიპტოვალუტის პროტოტიპი შეიმუშავა, რომელსაც უახლოეს პერიოდში გამოუშვებს ბრუნვაში.

კრიპტოვალუტა ჩინეთის მთავარ ვალუტსათან, იუანთან ერთად იქნება მიმოქცევაში. ცისქვეშეთის მთავარი ბანკი საცდელი პერიოდის განმავლობაში, რომლის ვადაც დაზუსტებული არ არის, რამდენიმე კომერციულ ბანკთან ერთად, სხვადასხვა სცენარის სიმულაციებს გეგმავს, რა დროსაც, მაკეტური ტრანზაქციები განხორციელდება.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ციფრული ვალუტის შემუშავება და მიმოქცევაში გაშვება, ჩინური ეკონომიკისთვის მომგებიანი იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასე ტრანზაქციების ფასი შემცირდება. ამ გზით, ფინანსური მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ეს ეხება მილიონობით ჩინელს, რომლებისთვისაც ჩვეულებრივი საბანკო მომსახურება მიუწვდომელი ან გაძნელებულია.

მეორეც, ახალ ვალუტას „ბლოკჩეინის“ -  საერთაშორისო ციფრული საფულის მხარდაჭერა ექნება, რაც მაქინაციების და გაყალბების შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანს. ამასთან, მთავრობის ხელში, კორუფციასთან ბრძოლის უფრო ეფექტური საშუალება აღმოჩნდება.

გარდა ამისა, ციფრული ფულის მიღება გამარტივდება, ეს კი საერთაშორისო ტრანზაქციების სიჩქარეს გაზრდის, რასაც შედეგად ვაჭრობის და ეკონომიკის სწრაფი ზრდა მოჰყვება.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტა ბიტკოინია, რომელიც 2009 წელს ჩამოყალიბდა. მაშინ მას მხოლოდ 0.0007 დოლარად აფასებდნენ. თუმცა მისი პოპულარობა ძალიან სწრაფად იზრდება და შესაბამისად, მოთხოვნაც გაიზარდა. ახლახანს მისმა ფასმა 2 800 დოლარს მიაღწია და მართალია, მას შემდეგ 2 500 დოლარამდე შემცირდა, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. 1 აპრილისთვის კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 25 მილიარდ დოლარს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. მისი შემდგომი ზრდის გარანტია ის გარემოებაა, რომ ბევრი განვითარებული ქვეყნის მთავრობა, საკუთარი კრიპტოვალუტის შექმნას გეგმავს. იაპონიაში კი უკვე 260 000-ზე მეტი სავაჭრო და მომსახურების დაწესებულება, ბიტკოინს ლეგალურ გადახდის საშუალებად აღიარებს. ბიტკოინების მიღება იაპონიის საბიუჯეტო ავიაგადამყვანმა კომპანია „პიჩ ევიეიშენმაც“ დაიწყო.

ციფრულ ვალუტებს მსოფლიო ბიზნესში ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია. ის დააჩქარებს ტრანზაქციებს და შეცვლის გადარიცხვების მეთოდებს. უკვე არის ლაპარაკი იმაზე, რომ ციფრული ვალუტა გამოიყენონ უნივერსალური საბაზისო შემოსავლების ადმინისტრირებისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ამ მიმართულებით პირველი ექსპერიმენტი გაერო-მ უკვე ჩაატარა, როცა იორდანიიდან დევნილებს გაუწია დახმარება.