ლარის კურსის დევალვაცია მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა. 2015 წლიდან დღემდე მსესხებლები მინიმუმ 80 ლარით გაძვირებულ კრედიტს იხდიან. საკრედიტო მომსახურების წლიური თანხის თანაფარდობა საშუალო თვიურ შემოთსავლებთან 80%-ის ფარგლებში იყო, ხოლო ახლა 102%-ის მიჯნაზეა. ბოლო 2,5 წლის განმავლობაში ხალხმა დევალვაციის გამო მარტო სესხის პროცენტებში 1 მილიარდ ლარზე მეტი იზარალა.
ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ არსებული მდგომარეობა გალარების პროგრამამაც ვერ შეამსუბუქა და მოსახლეობის საბანკო ვალდებულება ისევ გაორმაგებული პროცენტების სახით რჩება. ვითარება წლის ბოლომდე ნამდვილად არ გამოსწორდება, რადგან ეროვნულ ბანკს 2,40-იანი კურსი კბილებით უჭირავს და საბაზრო ტენდენციას თავგამოდებით ეწინააღმდეგება.
2016 წლის ნოემბრის მონაცემების მიხედვით, ლარის გაუფასურების გამო, აღებული კრედიტის მომსახურების სანაცვლოდ მომხმარებელი 900 მლნ-მდე ლარს ზედმეტად იხდიდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 1 მილიარდს აჭარბებს. იმ ადამიანებისთვის, ვისაც საბანკო ვალდებულება აქვთ, ეს ტვირთი ძალიან მძიმეა.
დევალვაციის შემდეგ გაძვირებულ კრედიტებზე საუბრობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე. მისი თქმით, ლარის გაუფასურების შემდეგ საკრედიტო რესურსი გაიაფდა 16 პუნქტით, მაგრამ დევალვაციას ადგილი ჰქონდა 25 პუნქტით, რაც მსესხებლებისთვის სულაც არ არის შვება. მისი თქმით, მსესხებლებს, 2015 წელთან შედარებით, კრედიტების მომსახურებისთვის, 1 მილიარდ ლარზე მეტის გადახდა მოუწიათ.
"მიმდინარეობს პროცესი, როდესაც სამი ტენდენციაა თანხვედრაში. ეს არის ეროვნული ვალუტის დევალვაცია, მოსახლეობის საკრედიტო დავალიანების ზრდა და საკრედიტო რესურსების გაიაფება (ანუ სესხის აღება შედარებით იაფი ხდება). დაახლოებით 2 წელიწადში 1/3-ით გაუფასურდა ლარი, ხოლო იმავდროულად კრედიტის ღირებულებამაც იკლო. 12 პროცენტული პუნქტიდან 9%-იან პუნქტამდე შემცირდა განაკვეთი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. თუმცა, ამ პროცესმა, სამწუხაროდ, ვერ გადაფარა დევალვაციით გამოწვეული ზარალი. ორივე მათგანი რომ სასწორის პინაზე დავდოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრედიტო რესურსი გაიაფდა 16 პუნქტით, ხოლო დევალვაციას ადგილი ჰქონდა 25 პუნქტით.
აქედან ჩანს, რომ მოსახლეობას, ლარში დენომირიების შემთხვევაში მარტო უცხოური ვალუტა რომ ავიღოთ სესხების მომსახურებისთვის, წელზე გაანგარიშებით 200 მლნ ლარზე მეტის გადახდა მოუწევს იმასთან შედარებით, კურსი რომ ყოფილიყო ისეთივე, როგორიც იყო 2015 წლის დასაწყისში. თუ ჩვენ დავთვლით მთლიანობაში, რა უჯდება ხალხს სამომხმარებლო კრედიტის აღების მომსახურება, ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა.
ჯერ კიდევ 2 წლის წინათ საკრედიტო მომსახურების წლიური თანხის თანაფარდობა საშუალო თვიურ შემოსავლებთან 80%-ის ფარგლებში იყო, ხოლო ახლა 102%-ის მიჯნაზეა. ზრდის ტენდენცია აშკარაა. არის ოჯახები, რომლებიც კრედიტს არ საჭიროებენ ან კონკრეტული მიზეზების გამო ვერ იღებენ სესხს. თუ აღებული სესხის ტვირთს გადავანაწილებთ მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებსაც საკრედიტო ვალდებულება აქვთ, ეს ტვირთი საკმაოდ დამძიმდება. ის მაჩვენებელი, რომელიც მე დაგისახელეთ, დაახლოებით 1,5-ჯერ უნდა გაიზარდოს", - განაცხადა არჩვაძემ და გალარების პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება. მოსახლეობამ თავის დაზღვევის მიზნით სესხი იმ ვალუტაში უნდა აიღოს, რომელ ვალუტაშიც აქვს შემოსავალი.
"რაც შეეცება გალარების პროგრამას, მისი მეშვეობით მოსახლეობის საპროცენტო განაკვეთი მცირდება და ეს რომ არ ყოფილიყო, კიდევ მეტი თანხის გადახდა მოუწევდათ. საბაზრო ურთიერთობები და განსაკუთრებით საკრედიტო დაწესებულებებთან დამოკიდებულება, გარკვეულწილად, არის მომეტებული რისკის მატარებელი.
ჩვენ არ უნდა ვიტვირთოთ ისეთი სესხი, რომლის დაფარვის საშუალებაც არ გვაქვს. კრედიტი აუცილებლად იმ ვალუტაში უნდა ავიღოთ, რომელიც ოჯახის შემოსავლის ძირითადი წყაროა. სწორედ ამის შემდეგ შეძლებენ მსესხებლები გარკვეული რისკის თავიდან აცილებას", - აცხადებს სოსო არჩვაძე.
"საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ საბანკო კრედიტების წილი საქართველოში ძალზე მაღალია. პირველ რიგში, ეს პრობლემებს უქმნის იმ ადამიანებს, რომელთა შემოსავალიც ლარშია, მაგრამ ყოველთვიური შენატანი შეაქვთ უცხოურ ვალუტაში. ამ ადამიანებისთვის ლარის ყოველი გაუფასურება ზრდის სესხის მომსახურებას. წელს ეს მომსახურება 2015 წლამდე პერიოდთან შედარებით ყოველ 100 დოლარზე 80 ლარითაა გაზრდილი.
"ლარის გაუფასურებამ ზეგავლენა მოახდინა იმ მსესხებლების შემოსავლებსა და გასავლებზე, რომლებსაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ და შემოსავალი _ ლარში. მათ დაახლოებით 30-40%-ით გაუძვირდათ შენატანი. თუ ადრე, მაგალითად, 100 დოლარზე იხდიდნენ 160 ლარს, დღეს გაუძვირდათ და 240 ლარის გადახდა უწევთ. სხვაობამ 75-80 ლარი შეადგინა და ნამდვილად მძიმე ტვირთია მსესხებლებისთვის.
ზოგადად საუკეთესო ვარიანტია, რომელ ვალუტაშიც გვაქვს შემოსავალი, იმ ვალუტაში გვქონდეს სესხიც. ამისთვის იყო გალარების პროგრამა, რომლითაც, სამწუხაროდ, მცირე ნაწილმა ისარგებლა. ზოგი უნდობლობით განეწყო, ზოგმა არ ისურვა, ცოტა კომუნიკაციაც დააკლდა ამ პროცესს.
პირადად მე გავალარე სესხი და ვისარგებლე იმ შემოთავაზებით, რასაც მთავრობა და ეროვნული ბანკი მთავაზობდა და ვფიქრობ, მოგებული დავრჩი, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ვზოგავ, რადგან უკვე ლარში მაქვს სესხი და არა _ უცხოურ ვალუტაში. ახლა, როდესაც 100 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა, ესეც დოლარიზაციის დონეს გარკვეული დოზით შეამცირებს", _ აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას კეპულაძემ.
გამოსავალს მსესხებლების მიერ სესხის აღებამდე რისკის დაზღვევაში ხედავს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი, ისეთ პირებს, რომლებსაც ლარის დევალვაციაზე არ უფიქრიათ და სესხი 2015 წლამდე დოლარში ჰქონდათ აღებული, ახლა თითქმის ორმაგი პროცენტის გადახდა უწევთ.
"როდესაც მსესხებელი უცხოურ ვალუტაში იღებს სესხს, თავიდანვე უყურებს იმ დაბალ პროცენტს, რასაც ეროვნულ ვალუტაში აღებული სესხისგან განსხვავებით უცხოურ ვალუტაში სთავაზობდნენ. ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ იმას რომ შემოსავალი აქვთ ლარში და გასავალი _ უცხოურ ვალუტაში. ლარის გაუფასურებას განსაკუთრებით მოსახლეობის ის ნაწილი გრძნობს, რომელსაც სესხი 2015 წლამდე ჰქონდა აღებული და ახლა თითქმის ორმაგი პროცენტის გადახდა უწევს.
რაც შეეხება გალარების პროგრამას, რომელიც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა შესთავაზა მოსახლეობას, ის იყო მცდარი. ლარის ფუნდამენტური გაუმჯობესება ხელოვნურად ვერ მოხდება. მოსახლეობის კისერზე ეს ტვირთი მუდმივად დარჩება", - განაცხადა ყიფიანმა.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"