ერთ პირთან ხელშეკრულებები ფორმდება, როცა საკითხი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან გადაუდებელი.ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია ”მედიატორის” კვლევას, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიამ ”ერთ პირთან დადებული ხელშეკრულებით” 566-ჯერ ისარგებლა.
როგორც დავით ნარმანიამ განმარტა, თბილისის მერია არის ნომერ პირველი უწყება, რომელმაც ყველაზე მეტი ტენდერი ჩაატარა და ყველაზე მეტი ეკონომია მიიღო.
”ეს არასამთავრობო ორგანზიაცია არის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი ორგანიზაცია, რომელიც ავრცელებს დეზინფორმაციას. თბილისის მერია არის ნომერ პირველი უწყება, რომელმაც ყველაზე მეტი ტენდერი ჩაატარა რაოდენობრივად და ასევე ყველაზე მეტი ეკონომია მიიღო ჩატარებული ტენდერების შედეგად. ეს არის ოფიციალური კვლევის შედეგი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გააკეთა. რაც შეეხება ერთ პირთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს, არის ასეთი ხელშეკრულებებიც, როცა საკითხი არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის ან გადაუდებელი. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ფასთა გამოკითხვა ტარდება. როგორ წარმოგიდგენიათ კონცერტის ჩატარების დროს, ან თუნდაც ტექნიკური მომსახურების დროს, ტენდერის გამოცხადება? ”, - განაცხადა ნარმანიამ.