3 წლის განმავლობაში „სოლიდარობის ფონდმა“ 400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დააფინანსა

3 წლის განმავლობაში „სოლიდარობის ფონდმა“ 400 ბავშვისა და 22 წლამდე ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დააფინანსა როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, - ამის შესახებ დღეს „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ სამწლიანი საქმიანობის შეჯამებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადეს, რომელსაც საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

„საქართველოს სოლიდარობის ფონდი“ 2014 წლის ივნისში შეიქმნა. დაფუძნებიდან დღემდე „სოლიდარობის ფონდმა“ უკვე დააფინანსა 400 ბავშვისა და 22 წლამდე (21 წლის ასაკის ჩათვლით) ახალგაზრდის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათ შორის 155 შემთხვევა საქართველოში, ხოლო 245 შემთხვევაში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: ავსტრიის, გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, ისრაელის, იაპონიის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, „სოლიდარობის ფონდის“ იდეის გარშემო გაერთიანებულია 700-ზე მეტი საჯარო სამსახურის 60 000-ზე მეტი თანამშრომელი; 70 ორგანიზაცია, მათ შორის 56 კერძო კომპანია; 53 სტუდენტური თვითმმართველობა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, სწორედ ამ ერთიანობამ გახადა შესაძლებელი ფონდში 10 მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება.