”მიმდინარეობს ავტოპარკის შესწავლა,რათა 1-ელი იანვრიდან დაგეგმილი სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მტკივნეული არ იყოს”

ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კატეგორიის ავტომანქანები, მათ შორის მარჯვენასაჭიანები, გაზზე გადაყვანილები და მოძველებული, აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს ავტოპარკის შესწავლა სხვადასხვა მიმართულებით, რომ 2018 წლის პირველი იანვრიდან დაგეგმილი სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება მტკივნეული არ იყოს მძღოლებისთვის, - ამის შესახებ ორგანიზაცია ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა ღონისძიების მიმდინარეობისას განაცხადა, რომელიც ეხება 2018 წლის 1 იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შემოღების საკითხს.

”სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორს შორის გამართული მრგვალი მაგიდის ფორმატში ღონისძიება ემსახურება იმ ახალი რეფორმის შემოღებას, რომელიც 2018 წლის პირველი იანვრიდან პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების საკითხს ეხება. ვიცით, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებით ამის უკიდურესი ვადა არის 2018 წლის პირველი სექტემბერი, თუმცა ეს არის ის დავალება, რომლის შესრულებაც ჩვენ წინა დღეს არ უნდა დავიწყოთ. პირველ იანვარს უნდა დაიწყოს ამ რეფორმის იმპლემენტაცია იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდი დასჭირდებათ მძღოლებს ეტაპობრივად მიიღონ და არ იყოს მათთვის ეს რეფორმა მტკივნეული. უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ავტოპარკის არასახარბიელო მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა ჩვენი მძღოლების, შესაბამისად, 1 იანვარი არის თარიღი, როცა უნდა დაიწყოს იმპლემენტაცია”, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

შეხვედრას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებიან.