სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციას შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს.
ეს არის ერთ-ერთი სიახლე იმ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, რომელიც პარლამენტს მთავრობამ შესთავაზა. პროექტის მიხედვით, ლიზინგის რეგისტრაციის საფასური 50 ლარს შეადგენს. პროექტის გათვალისწინებით, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს ლიზინგის მოწმობასაც, რომლის საფასურიც ასევე 50 ლარი იქნება და 5 სამუშაო დღეში გაიცემა.
როგორც აღნიშნულთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განმარტა, ლიზინგთან დაკავშირებული ცვლილებები, თავის მხრივ, ვიდეოჯარიმების გარკვეულ გამკაცრებას უკავშირდება. საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში მთავარ სიახლეს წარმოადგენს ინიციატივა, რომლის მიხედვით, საგზაო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით მძღოლებს, პირველ ეტაპზე, გაეგზავნებათ ელექტრონული შეტყობინება და აღნიშნული შეტყობინების გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში 20%-იანი საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.
როგორც ამასთან დაკავშირებით შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, მოკლე ტექსტური შეტყობინების გარდა, შესაძლოა, შემოღებული იყოს შსს-ს მიერ მძღოლების სატელეფონი ზარით გაფრთხილების წესიც. ამის შემდეგ საჯარიმო ქვითარი მძღოლს ფოსტით გაეგზავნება. ასევე შემოდის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების ახალი მექანიზმი - საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება. კერძოდ, ფოსტით გაგზავნილი ჯარიმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შსს მას ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს. საჯაროდ გამოქვეყნების დღიდან 30-ე დღეს საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სხვა კანონებში დადგეგნილ ცვლილებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.