ქუთაისის კერძო სკოლის ”ღონე ქვეყნისა” შვიდმა მოსწავლემ სიმაღლის საზომი ხელსაწყო ”ენკოდერი” შექმნეს.
მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები - მარია და გიორგი გიორგაძეები, სანდო სებუა, გიორგი ლომინაძე, ბესო გოგბერაშვილი, მარიამ ხურციძე და ანი მელქაძე, მასწავლებელთან გიორგი ხალიჩავასთან ერთად, ხელსაწყოს გამოგონებაზე 1 წელი მუშაობდნენ.
სიმაღლის საზომი ”ენკოდერის” შექმნის იდეა გამოყენებითი ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის თავისუფალ გაკვეთილებზე დაიბადა. ხელსაწყო ნებისმიერ სიმაღლეს ზომავს, მათ შორის მიუწვდომელ ადგილებშიც.
როგორც კერძო სკოლის ”ღონე ქვეყნისა” მასწავლებელმა გიორგი ხალიჩავამ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა სკოლაში მოსწავლეები ინოვაციურ ტექნოლოგიებს შეისწავლიან.
”ბავშვები მათემატიკის გაკვეთილზე სწავლობდნენ სიმაღლისა და სიგრძის გაზომვას, ეს ორი საგანი დავაკავშირეთ და მივიღეთ ოპტიკური ენკოდერი. ერთი წელია ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და ნელ-ნელა დავხვეწეთ. მოწყობილობა აგებულია ძრავისგან, რომელზეც დაგებულია კოჭა და იხვევს ძაფს, ძაფზე დამაგრებულია ჰელიუმის ბუშტი, რომელიც ექაჩება მას და ძაფის მოძრაობა აბრუნებს მთვლელს, ეგრეთ წოდებულ ენკოდერს, რომელზეც მიმაგრებულია გამომსხივებელი და მიმღები, ხდება ფორმულით რიცხვების გამოთვლა, მოწყობილობა ტაბლეტით, დისტანციურად იმართება. ტაბლეტში გაწერილია სამართავი აპლიკაცია. შორიდან იმართება ბუშტის გაშვება, გაჩერება და უკან დაშვება”, - ამბობს გიორგი ხალიჩავა.
მისივე თქმით, ბავშვები აქტიურად არიან ჩაბმული თავისუფალი გაკვეთილების პროცესებში და პირველ რიგში ეს ხელსაწყო ბავშვების ცოდნასა და გამოცდილებას ასახავს.
როგორც გიორგი ხალიჩავამ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა რომ, სკოლაში პროგრამირება პირველი კლასიდან ისწავლება და ბავშვები ფიზიკის პატარა ელემენტებს თავიდანვე შეისწავლიან.
მისივე თქმით, სკოლაში სამომავლოდ ვირტუალური ლაბორატორია შეიქმნება, სადაც უხილავი პროცესების, მაგალითად გამოსხივებისა და სინათლის მოძრაობის ვიზუალური აღქმა მოხდება.