„თანხის დაბანდებამდე მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მაღალი სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, მაღალ რისკს გულისხმობს“,-ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
სებ-ის პრეზიდენტი მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ საკუთარი თანხების დაბანდებამდე, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
„ის კომპანიები, რომელთა საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ ექვემდებარება ეროვნული ბანკის ზედამხედველობას, შესაძლოა ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებს საკმაოდ რისკიან აქტივებსა თუ ბიზნეს საქმიანობაში აბანდებენ. რიგ შემთხვევაში კი მათი საქმიანობა, "ფინანსური პირამიდის" ნიშნებსაც ატარებს.
ამასთან, ბოლო პერიოდში ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც თანხის მათთან დაბანდების სანაცვლოდ მომხმარებლებს სხვადასხვა ორგანიზაციებში აღებული სესხების დაფარვასაც სთავაზობენ. კომპანიები ასევე ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ისინი ლიცენზირებულნი არიან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ,“- წერს გვენეტაძე.
ამასთან, ქვეყნის პირველი ბანკირი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ პოტენციური რისკების შეფასების მიზნით, უკვე ხელმოწერილ ხელშეკრულებებს გადახედონ.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს თანხის დაბანდებამდე სიფრთხილე გამოიჩინონ. ქვეყანაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით სებ-ი კამპანიასაც აწარმოებს. რომლის ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოსახლეობაში ფულის გონივრულად დაზოგვის კულტურის ამაღლება წარმოადგენს.
სწორედ ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) მხარდაჭერით, მიმდინარე წლის დასაწყისში სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ სივრცისთვის განკუთვნილი ვიდეო და აუდიო მასალა შეიმუშავა, რაც მოქალაქეებისთვის საყურადღებო ინფორმაციის ეფექტურად მიტანას შეუწყობს ხელს.