პარლამენტი, მიმდინარე სასესიო კვირას, მესამე მოსმენით დაამტკიცებს კანონში დაგეგმილ ცვლილებას, რითაც მოქალაქეები, ნებართვის დარღვევით ნაწარმოები რეკონსტრუქციისა და მიშენებების გამო დაკისრებული ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლდებიან.
როგორც პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, დეპუტატმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, კანონში დაგეგმილი ცვლილებები მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ფართები, სადაც ცხოვრობენ, დაიკანონონ, მოახდინონ ლეგალიზება და ამით საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესონ.
”ეს არის ჩვენი მიღწევა, რადგან არსებულ სიტუაციას წინა ხელისუფლება სათავისოდ იყენებდა - ჯარიმა-საურავებით დახუნძლულ მოქალქეებს გავლენის ქვეშ აქცევდა და პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა. ჩვენ ამ ადამიანებს სოლიდარობას ვუცხადებთ, უკვე დარიცხული ჯარიმა-საურავისგან ვათავისუფლებთ და ვაძლევთ საშუალებას, საცხოვრებელი ფართების ლეგალიზება მოახდინონ”, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი ასევე მესამე მოსმენით მიიღებს, ე.წ. K2-კოეფიციენტის დაგროვილი გადასახადის განწილვადების შესაძლებლობას გულისხმობს. ლულიაშვილის თქმით, შეღავათს უამრავი დაუმთარებელი სამშენებლო ობიექტი ელოდება.
”ეს შეღავათიც ”ქართული ოცნების” პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რათა დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემა საბოლოოდ დასრულდეს”, - აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.