თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, ”ელიავას ბაზრობის” მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის განვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული პროექტი არსებობს.
მისი თქმით, პროექტის შესახებ კერძო მესაკუთრეებთან შეხვედრა აუცილებელია.
”არის გარკვეული პროექტი. რა თქმა უნდა, ჩვენ კერძო მფლობელებთან აუცილებლად უნდა გვქონდეს შეხვედრა და საუბარი. ბუნებრივია, რომ ქალაქისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მივიღებთ”,-განაცხადა ალიბეგაშვილმა.
ამასთან, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, თბილისის განაშენიანების გენერალური გეგმა დამამთავრებელ ფაზაშია.
”განაშენიანების გენერალური გეგმა დამამთავრებელ ფაზაში არის. ჩვენ ველოდებით დათქმულ ვადას, ვინაიდან უნდა მოეწყოს გამოფენა და ამავე დროს საკრებულოზე უნდა წარსდგეს ეს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერაბ ბოლქვაძე ხელმძღვანელობს. ბუნებრივია, რომ თბილისი მიიღებს, ასე ვთქვათ, იმ კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც ქალაქი იქნება განვითარებული. ეს იქნება ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაც, ეს იქნება ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების ისეთი მიმართულებით წარმართვა, რომელიც ჩვენს ქალაქს შეეფერება”,- განაცხადა ალიბეგაშვილმა.