სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ფოტო გაავრცელა, სადაც „ლიტვური საცხობის“ შავ-თეთრი პურია ასახული.
"როგორც ჩანს ,,ლიტვურ პურს" მართლა ღებავენ. დღეს შევიძინე და ვნახე, რომ გულში თეთრი ფქვილის ცომი ქონდა. ძალიან საწყენია", - წერს მომხმარებელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
„ბიზნესპრესნიუსი“ საკითხის გასარკვევად „ლიტვურ საცხობს“ დაუკავშირდა. კომპანიაში პურის შეღებვა გამორიცხეს და აღნიშნეს, რომ ეს შეცდომა ადამიანური ფაქტორით იყო განპირობებული.
„ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომაა. შეღებვა გამორიცხულია, ნებისმიერს შეუძლია აიღოს და შეამოწმებინოს. ახლა ეს შეცდომა იმან გამოიწვია, რომ ჭვავის პურისა და თეთრი ბატონი პურის ცომი ერთ ცომსაზელ მანქანაში იზელება, რა დროსაც ცომის თეთრი გუნდა მანქანაში ჩარჩა და ჭვავის ცომს შეეზილა. თუმცა, მსგავსმა პრობლემებმა საკმაოდ დაღალა კომპანია, ამიტომ ოქტომბრიდან ჭვავის პურს ახალ საამქროში გამოვაცხობთ. ამასთან, ადამიანური შეცდომებისგან რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი, ახალ საამქროში ჭვავის პურს სპეციალურ დანადგარი გამოაცხობს“, - აღნიშნა „ლიტვური საცხობის" მარკეტინგის მენეჯერმა სალომე ბიბილაშვილმა.