თბილისის მერიის განცხადებით, ზაჰესის ხიდის ექსპლუატაციაში ყოფნა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის წარმომადგენელმა დავით ფანცულაიამ განუცხადა, პრობლემა შეიქმნა ხიდამდე მისასვლელი გზის მონაკვეთზე და არა ხიდზე.
”10 ივლისს, ქალაქ თბილისში იყო უხვი ნალექი. წყლის დიდი რაოდენობა მოვარდა ზაჰესის ტერიტორიაზე და იყო ფორსმაჟორული სიტუაცია. მოხდა ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთის მიწაყრილის წყლით გამორეცხვა მოვარდნილი ნალექის შედეგად. ამის აღმოსაფხვრელად დაწყებულია სამუშაოები, მოეწყობა დამატებითი რკინა-ბეტონის კედელი, რომელიც შეძლებს ასეთი შემთხვევებისგან თავის არიდებას. რაც შეეხება ხიდის კონსტრუქციას, ბურჯებს და მის შემადგენელ ნებისმიერ ნაწილს, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს. ხიდი ჩვეულებრივად ექსპლუატაციის ქვეშ არის, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდება და ამ მხრივ არანაირი საფრთხე არ არსებობს. სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და 1 თვის განმავლობაში დასრულდება”, - განაცხადა ფანცულაიამ.
როგორც ცნობილია,ზაჰესის ხიდის მარცხენა ფლიგელი ჩაინგრა, რის გამოც ავტომობილებით მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია. ადგილობრივების განცხადებით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.