„ფორდის“ ახლადდანიშნულ მთავარ აღმასრულებელ დირექტორ ჯეიმს ჰეკეტს ორი კონკრეტული ამოცანა აქვს შესასრულებელი.
მან უნდა მოახერხოს ჩრდილოეთ ამერიკულ ბაზარზე გაყიდვების კლების არდაშვება და მთავარ კონკურენტ „ჯენერალ მოტორსს“, რომელიც გაკოტრების ხელოვნური პროცესის შემდეგ, სულ უფრო მეტად კონკურენტუნარიანი ხდება, როგორმე ბაზრის წილი დაათმობინოს.
სიდიდით მეორე ამერიკული ავტომწარმოებლის მთავარი პრობლემა, ბაზარზე მისი ახალი ავტომობილების ნაკლებობაა. და საქმეს ისეთ პირი უჩანს, რომ ეს პრობლემა მინიმუმ 2019 წლამდე დარჩება. როგორც როიტერსს ინფორმაციის ორი დამოუკიდებელი წყარო ატყობინებს, ამის მიზეზი ისაა, რომ ავტოინდუსტრიაში ახალი პროდუქტის გამოშვების ხანგრძლივი ციკლები მოქმედებს. ჰეკეტის მთავარი მიზანი, სწორედ ახალი პროდუქციის სწრაფად გამოშვების უზრუნველყოფაა, რაც იოლი საქმე არ იქნება.
ჰეკეტმა სულ ერთი წელი იმუშავა „ფორდის“ ავტონომიური ავტომობილების შტოს ხელმძღვანელად და ერთი კვირა არაა, რაც ავტოგიგანტს ჩაუდგა სათავეში. პრობლემას, რომლის გადაჭრაც მას მოუწევს, ნაწილობრივ ჯერ კიდევ ალან მიულალის დროს დაედო სათავე. შემდეგ კი ის მარკ ფილდსის დროს გაღრმავდა.
თავის დროზე, მიულალიმ კომპანიის რესურსების დიდი ნაწილი, „ფორდის“ ყველაზე გაყიდვადი მოდელის, F-სერიის პიკაპის ახალი თაობის გამოშვებას (2014 წელს) მოახმარა. ამის გამო, ცისფერ ოვალის სხვა პოპულარული მოდელების განვითარების პროცესი გაიწელა, ან გადაიდო. ახალი, ან განახლებული ავტომობილის წარმოებისთვის მომზადებას 3-4 წელი სჭირდება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მიულალის პიკაპებზე ფოკუსირებამ, ცისფერი ოვალის სხვა მიმართულებები უკან დასწია.
გარდა ამისა, მიულალიმ აქცენტი ავტომობილების კონსტრუქციაში ალუმინის წილის გაზრდაზე გააკეთა. ამით, პიკაპების და უგზოობის მოდელების შემსუბუქებას მიაღწია, რაც მათ მიერ საწვავის ხარჯის შემცირებაში აისახა. მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრმა კლების გამო, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, მყიდველის არჩევანს საწვავის ხარჯი ნაკლებად განაპირობებს. ამიტომ, მოწინავე ტექნოლოგია, რომელსაც კომპანიისთვის უპირატესობა უნდა მოეტანა, ერთგვარ ბალასტად იქცა...
ფილდსი „ფორდს“ სათავეში 2014 წლის ივლისში ჩაუდგა და დაუყოვნებლივ რომ დაეწყო ახალი მოდელების გამოშვებაზე ზრუნვა, სასურველი შედეგი მხოლოდ 2018 წელს გამოჩნდებოდა. ახლა კი, კომპანიას 2019 წლამდე ლოდინი მოუწევს. ის ავტომობილები კი, რომლებზეც მუშაობა ახლა დაიწყება, ბაზარზე 2021 წელზე ადრე ვერ გამოვა. რა ტქმა უნდა, კომპანია მუდმივად მუშაობს თავისი საწარმოო გამის განახლება-გაფართოებაზე, თუმცა ეს პროცესი მოდელების ფართო სპექტრს არ ეხება.
„ჯენერალ მოტორსმა“ გასული ათწლეულის დიდი ნაწილი კრიზისებთან ბრძლაში გაატარა. 2009 წელს ხელოვნური გაკოტრების რეჟიმშიც კი მოუწია მუშაობამ და ბუნერივია, ასეთ დროს, „ფორდს“ ჯეროვან კონკურენციას ვერ გაუწევდა. მაგრამ კრიზისი დასრულდა და გენერლებმაც ძირითადი ყურადღება ბაზრის იმ სეგმენტზე გადაიტანეს, რომელსაც ყველაზე მეტი მოგება მოაქვს. ესაა პიკაპების და უგზოობის მოდელების სეგმენტები. „ფორდიც“ ყველაზე ძლიერი სწორედ ამ სეგმენტებშია. მისი F-სერიის პიკაპიც კვლავ ყველაზე მოთხოვნადია ბაზარზე.
მაგრამ „ჯენერალ მოტორსი“, რომელიც უდიდესია ამერიკულ ავტოკომპანიებს შორის, პარალელურად თავისი სრული სამოდელო გამის განახლებაზეც ზრუნავს. ამაში ხელი იმ ფაქტორმა შეუწყო, რომ გაკოტრების რეჟიმის შემდეგ, ვალებს სრულად დააღწია თავი და სულ უფრო მეტ ინვესტიციებს ახმარს ახალი პროდუქციის შემუშავებას. ახალი გლობალური პროდუქტების უმეტესობის შემუშავება, კომპანიის სათავეში მერი ბარას მოსვლის (2014 წლის იანვარში) შემდეგ დაიწყო.
პარალელურად, გენერლები „ფორდს“ გაყიდვების უფრო მაღალი მარჟითაც სჯობნიან, რაც ასევე ბაზარზე მათი უფრო მეტი ახალი მოდელის არსებობით აიხსნება. მაგალითად, შარშან ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, „ფორდი“ საშუალოდ თითო ავტომობილიდან 2 981 დოლარის მოგებას (გადასახადის გადახდამდე) ღებულობდა, „ჯენერალ მოტორსის“ ანალოგიური მაჩვენებელი კი 3 044 დოლარი იყო.
ეს არის შედეგი იმისა, რომ გენერლებმა ბოლო სამ წელიწადში თავიანთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილების განახლებას მილიარდობით დოლარი მოახმარეს. მათ შორისაა ისეთი პოპულარული მოდლები, როგორებიცაა უგზოობის სრულგაბარიტიანი მოდელები - „შევროლე საბურბანი“ და „კადილაკ ესკალადი“. შედეგად, ამ ორი მოდელის მოგების მარჟა 20 000 დოლარს ასცდა!
გარდა ამისა, „ჯენერალ მოტორსმა“ დაიწყო საშუალო ზომის პიკაპების - „შევროლე კოლორადოს“ და „GMC კანიონის“ გამოშვება. ეს იმ დროს, როცა „კოლორადოს“ პირდაპირ კონკურენტ „რეინჯერს“ „ფორდი“ მხოლოდ 2019 წელს გამოუშვებს.
როიტერსის კვლევა აჩვენებს, რომ ორივე კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში დაახლოებით თანაბარი თანხა დახარჯა საწარმოო ეკიპირების განხლებაზე, საინჟინრო და კვლევით სამუშაოებზე. მაგრამ „ჯენერალ მოტორსმა“ უფრო მეტი ახალი მოდელის გამოშვება შეძლო. ამ დროს, „ფორდის“ დანახარჯების სოლიდური ნაწილი, შორეული მომავლის პროექტებისკენ არის მიმართული.
ახლახანს „ფორდის“ მარეკეტინგის და გაყიდვების შეფმა მარკ ლანევემ აღიარა, რომ მისმა კომპანიამ ხელიდან გაუშვა სარფიანი შესაძლებლობა, რასაც საშუალო ზომის პიკაპების და კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტში განვითარება იძლეოდა. ეს ის სეგმენტებია, რომლებშიც „ჯენერალ მოტორსი“ მყარად დგას. გარდა ამისა, „ფორდის“ სრულგაბარიტიანი უგზოობის მოდელები, „ექსპედიშენი“ და „ლინკოლნ ნავიგატორი“ ძალიან დაძველდა - ისინი უკვე რვა წელია, პრაქტიკულად განუახლებლად იყიდება და შესაბამისად, ეს მათი გაყიდვებიდან მიღებულ მარჟაზეც უარყოფითად აისახება.
ცისფერი ოვალისთვის დიდი გამოწვევა იქნბა ბაზარზე F-სერიის პიკაპების მთავარი კონკურენტის, ახალი „შევროლე სილვერადოს“ გამოსვლა, რაც მომავალ წელს არის მოსალოდნელი.