ბათუმის ბიუჯეტის გაზრდილი თანხები განათლებასა და ინფრასტრუქტურულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს მოხმარდება, - აღნიშნული ცვლილება ბათუმის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.
როგორც ბათუმის საკრებულოს პრესსამსახური იუწყება, ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს მორიგი სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს, თუმცა მოდის კვირეულის - ”აჭარა ფეშენ ვიკისა“ და ”მის და მისტერ პლანეტას“ დაფინანსების საკითხი ბათუმის ბიუჯეტიდან ამოიღეს და შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხს ორგანიზატორებთან შეხვედრისა და დამატებითი განხილვის შემდეგ გადაწყვეტენ.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს განკარგულების პროექტს, რომლის თანახმადაც ცვლილები გახორციელდება „ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის, პრივატიზაციის გეგმის და სარგებლობის უფლებით განსაკარგი ობიექტების სარგებლობის საფასურის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს განკარგულებაში. ცვლილების მიხედვით, აღნიშნულ ნუსხას საპრივატიზებო ქონების განკარგვის მიზნით რამდენიმე ობიექტი დაემატა.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დარეგულირდება ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში თენგიზ აბულაძის (ანბანის კოშკის მიმდებარედ) და იოსებ გრიშაშვილის ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა, კერძოდ, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე დაწესდება ტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ძმები ნობელების ქუჩის მიმართულებით, ასევე, აიკრძალა ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა (გარდა სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისა) თენგიზ აბულაძის ქუჩაზე (ანბანის კოშკთან) და იგი საფეხმავლო გახდა.
საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ბათუმის მერიის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ სივრცეებში სუვენირებითა და სამახსოვრო ნივთებით გარე ვაჭრობისათვის სავაჭრო-სარეალიზაციო ადგილების გამოყოფას, ასევე, ქ.ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანას.
”აღნიშნული ცვლილება გულისხმობს შემოღებულ იქნას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებელი სანებართვო პირობების დარღვევით განხორციელებულ მშენებლობებზე, რომელზეც 2017 წლის პირველ ივნისამდე ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოტანილია შესაბამისი დადგენილება და მერიას წარედგინება მოთხოვნა/შუამდგომლობა მიწის ნაკვეთისთვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ2) გაზრდის თაობაზე. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის მოსაკრებლის ოდენობა ერთ კვ.მ-ზე (კ2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი) განისაზღვრა 400 ლარით”, - განმარტავენ ბათუმის საკრებულოს პრესსამსახურში.
სხდომაზე ასევე დამტკიცდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და საკრებულოს აპარატის, მერიის და მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხები, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატის დებულებები, ბათუმის მერიის სამსახურების დებულებები, ასევე, განისაზღვრა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები.
დღესვე ბათუმის საკრებულოში საარჩევნო სუბიექტის „ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია“, პარტიული სიით არჩეული, საკრებულოს გამოკლებული წევრის დიმიტრი ჭეიშვილის ადგილმონაცვლედ ამავე პარტიის პარტიული სიით რიგით მომდევნო წევრის ომარ ფარტენაძის უფლებამოსილება საკრებულომ ცნობად მიიღო.
საკრებულოს სხდომას ბათუმის მერიის სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.