რამდენად უვნებელია თქვენი საკვები?

ბევრ ქვეყანაში სურსათის უვნებლობა სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა.

განმარტების თანახმად, „სურსათის უვნებლობა გულისხმობს იმ პირობებსა და პრაქტიკებს, რაც ინარჩუნებს სურსათის ხარისხს და თავიდან გვარიდებს დაბინძურებას ან სურსათით გამოწვეულ დაავადებებს“. როგორც iset-pi.ge წერს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სურსათის უვნებლობის მიზანია, დაიცვას ადამიანების, ცხოველების, მცენარეების ჯანმრთელობა სურსათის წარმოების ყველა ეტაპზე ევროკავშირის მიერ დადგენილი „ფერმიდან-სუფრაზე“ პრინციპის შესაბამისად.

სურსათის უვნებლობა საქართველოში

2014 წლის 27 ივნისს, საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას და მის განუყოფელ ნაწილს – შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა „საქართველოს სურსათის უვნებლობის დაახლოების გეგმა“ და დანერგა სურსათის უვნებლობის პირველი სტრატეგია, რომლის მიზანია, საქართველოში შემოიღოს სურსათის უვნებლობის ევროპული სტანდარტები.

ამ სტრატეგიის მიზნებისთვის, საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გაწია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეტანა სურსათის უვნებლობის რეგულაციებში. ევროკავშირის სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შესაბამისად, ქვეყანამ მიიღო სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი:

“ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება."

2011 წელს, სურსათის უვნებლობის ეფექტური კონტროლის შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა სურსათის ეროვნული სააგენტო. სააგენტო ატარებს ინსპექციებს (ოფიციალურ კონტროლს), რათა შეამოწმოს სურსათისა და ცხოველთა საკვების მდგომარეობის შესაბამისობა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის სტანდარტებთან.

სურსათის ეროვნული სააგენტო შემდეგ მექანიზმებს იყენებს: შემოწმება, მონიტორინგი, მეთვალყურეობა, დოკუმენტაციის შემოწმება და სინჯების აღება. სააგენტოს დაარსების შემდეგ ამ მიმართულებით თვალსაჩინოდ გაუმჯობესდა მდგომარეობა. სააგენტო პერიოდულად აქვეყნებს ოფიციალური შემოწმების შედეგებს. გარდა ამისა, ის იძლევა ინფორმაციას საქართველოში დაშვებული ვეტპრეპარატების შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად სულ უფრო მეტ სურსათის პროდუქტს და საკვებ ადგილს უტარებს შემოწმებას. 

2016 წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა:

• 160 სასაკლაო

• 280 ხორცის მწარმოებელი/რეალიზატორი ობიექტი

• 140 რძის და რძის პროდუქტების საწარმო

• 774 საკვების დაწესებულება და 51 “საშაუმე” (სწრაფი-კვების ობიექტი, სადაც შაურმის შეძენა შეიძლება)

• 929 ბაღის და 297 სკოლის სამზარეულო

• 153 პურის ქარხანა და 254 საცხობი, 88 საკონდიტრო

• 1680 სუპერ და მინი მარკეტი

სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს დაუგეგმავ შემოწმებას, როდესაც შედის საჩივარი მომხარებლებისგან. გარდა ამისა, www.consumer.ge და www.mkidveli.ge სულ უფრო მეტად ზრუნავენ მომხმარებელთა უფლებებზე და მოთხოვნის მიხედვით ატარებენ შემოწმებებს. ევროპის ფონდმა ანდროიდებისთვის შექმნა მობილური აპლიკაცია „სურსათის უვნებლობა“, რომელიც ქართველ მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ სურსათის სახელმწიფო შემოწმების შედეგებს.

ზოგს სუფთა მოსწონს, ზოგს იაფი

მიუხედავად საქართველოს წინსვლისა, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი ევროსტანდარტებამდე. სურსათის უვნებლობა მრავალგანზომილებიანი საკითხია და თანაბრად მოითხოვს ყურადღებას მთავრობისგან, მომხმარებლისგან, ფერმერებისა და მკვლევრებისგან. საქართველოში სურსათის უვნებლობის საკითხებში უკეთ გასარკვევად, მოდით, ორი სხვადასხვა შემთხვევა განვიხილოთ:

შემთვევა 1: 2 მაისს იმედის ტელევიზიამ ქართველ საზოგადოებას უჩვენა შემაშფოთებელი ვიდეო. სატელევიზიო არხმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა თბილისის რესტორნებში: ჟურნალისტი მიდიოდა კონკრეტულ რესტორნებში, რომლებიც, ძირითადად, მდებარეობს თბილისის პრესტიჟულ უბნებში და ითხოვდა სამუშაოს (მიმტანის, მცხობელის, დამლაგებლის). მას შემდეგ, რაც მიიღო სამუშაო, ფარული კამერით ჩაიწერა ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში არსებული მდგომარეობა. ვიდეო შოკისმომგვრელი იყო: სიტყვა „სიბინძურე“, რომელიც სუსტი განათების ფონზეც კი თვალსაჩინო იყო (თითქოს კარგ მზარეულს არ სჭირდება განათება საჭმლის დამზადებისას) არ არის საკმარისი იმის ასაღწერად, რაც მაყურებელმა იხილა. საკითხავია არამხოლოდ ის, თუ რა ხდება სამზარეულოში, როდესაც „დიდი ძმა არ უყურებს“, არამედ ისიც, თუ რატომ არ მოხვდნენ ეს პოპულარული რესტორნები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმებული საკვები ადგილების სიაში (შეგახსნებთ, რომ ჟურნალისტმა გამოძიება ჩაატარა თბილისის ყველაზე პრესტიჟული უბნების რესტორნებში). როგორც ჩანს, შემთხვევითი შერჩევით შემოწმება ყოველთვის არ ამართლებს. ზოგიერთმა მომხმარებელმა ამოიცნო თავიანთი საყვარელი ადგილი და სურსათის ეროვნულ სააგენტოს მოსთხოვა, შეემოწმებინა რესტორანი. რა თქმა უნდა, რესტორანი დახურეს. ამ ამბის ყველაზე შოკისმომგვრელი ასპექტი ისაა, რომ ზოგიერთს სურდა, არ დაეხურათ ეს რესტორანი მას შემდეგ, რაც რესტორნის მფლობელი გულისამაჩუყებელი სიტყვით გამოვიდა ტელევიზიით და დაიჩივლა, რომ არ აქვს რემონტის ფული. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართველი მომხმარებლების ნაწილმა არც სურსათის უვნებლობის სტანდარტები იცის და არც დიდად ადარდებს ეს საკითხი: ზოგს სუფთა ურჩევნია, ზოგს კი – იაფი.

შემთხვევა 2: რამდენიმე კვირის წინ ჩემი მეგობარი ესტუმრა მის საყვარელ ადგილს თბილისში, რომ გემრიელი ფუნჩულა („პონჩიკი“) ეჭამა. დიდი ხნის მცდელობის შემდეგ მოახერხა, რომ ფუნჩულა გაეჭრა და ბოლოს აღმოაჩინა, რომ ამ ხნის განმავლობაში კრემში მოხვედრილი რეზინის ნარჩენის გაჭრას ცდილობდა (იხ. მიმაგრებული ფოტო). ბოდიშის მოხდის ნაცვლად მიმტანმა სიცილი დაიწყო. როგორც გაირკვა, მზარეულს რეზინის ხელთათმანის ერთი თითი ფუნჩულაში დარჩა. ჩემი მეგობარი არ თვლიდა, რომ ამ რესტორანში სანიტარული ნორმები ირღვეოდა (სამზარეულო ღიაა), მაგრამ მან მაინც მოითხოვა შემოწმება. შედეგებმა გამოავლინა, რომ სამზარეულოში ყველაფერი სტანდარტების შესაბამისი იყო: საკვებით არავინ მოწამლულა და არც სიბინძურე იყო, მზარეულმა იცოდა, ვინ იყვნენ პროდუქციის მომწოდებლები. ამ ამბის მორალი? სურსათის შემოწმება კარგია, მაგრამ შეცდომები აქაც ხდება: თუ რეზინის ნარჩენები თვალისთვის შეუმჩნეველია, შესაძლოა, მომხმარებელმა გადაყლაპოს.

თუმცა არც ევროკავშირშია მუდამ გარანტირებული სურსათის უვნებლობა (მაგალითად, ცხენის ხორცის სკანდალი 2013 წელს). მაგრამ ევროპელი მომხმარებლებისგან განსხვავებით, ქართველებს არ უნდათ სურსათის მომსახურებაზე პრეტენზიის გამოთქმა; მომხმარებელთა გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტების 69.4% არ რეაგირებს და არც ასაჩივრებს სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას. ამის მთავარ მიზეზად ასახელებენ იმას, რომ არ აქვთ იმედი, რომ ამით რაიმე შეიცვლება. პრობლემა მიანიშნებს მომხმარებელთა ორგანიზაციების სისუსტესა ან სათანადო მომსახურების მიწოდების დაბალ კულტურაზე. იხილეთ გაგრძელება