რუსეთი და საქართველო თვითმფრინავების პილოტებისთვის სავიზო რეჟიმის გასამარტივებლად ემზადებიან

რუსეთი და საქართველო ემზადებიან სავიზო რეჟიმის გასამარტივებლად თვითმფრინავების პილოტებისთვის, რომლებიც ასრულებენ რეისებს ორ ქვეყანას შორის

, - ამის შესახებ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარი საქართველოს ეხება, პრაქტიკულად, არც ერთი მედიასაშუალება გვერდს არ უვლის სავიზო თემას. კარასინის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, რუსეთი ყოველთვის ცდილობდა შეენარჩუნებინა და გაემარტივებინა ორი სახელმწიფოს მოქალაქეების ურთიერთობა.

„ორმხრივი კავშირების ნორმალიზაციის პროცესმა ამისთვის კარგი შესაძლებლობები შექმნა. 2015 წლის დეკემბერში რუსული მხარე გადავიდა საქართველოს მოქალაქეებისთვის საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზების გაფორმებაზე, მათ შორის კერძო ვიზების გაცემაზე. შედეგად, 2016 წლის მანძილზე ვიზების რაოდენობა, რომელიც ჩვენი ინტერესების სექციის მიერ გაიცა, თითქმის გაორმაგდა“, - აღნიშნა კარასინმა.

მისივე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს, „რისკავენ, რომ არ მოხვდნენ ყბადაღებულ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ მოქმედების ქვეშ, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მათთვის, ვინც მანამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა“.

კარასინის თქმით, თავად საქართველომ გააუქმა ვიზები არა მხოლოდ რუსებისთვის, არამედ დაახლოებით ასამდე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თანაც ცალმხრივად. „ჩვეულებრივ, ასეთია პრაქტიკა სახელმწიფოებისა, რომლებიც ისწრაფვიან მიიზიდონ უცხოელი ტურისტები. თანამედროვე სამყაროში, სადაც იზრდება ტერორისტული და სხვა საფრთხეები, „ტურისტული ქვეყნები“ რა თქმა უნდა, არ უნდა ელოდონ სავიზო საკითხებში ავტომატურ ნაცვალგებას. დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში ძნელი იქნება მასშტაბური ერთობლივი მუშაობა სავიზო ლიბერალიზაციის თემაზე. როგორც ცნობილია, ეს ურთიერთობები ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა. მათი აღდგენის პერსპექტივა ისევ მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული“, - განაცხადა კარასინმა.