მიმდინარე წლის 1 იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა.
მთავრობის 620 გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დეველოპერები აცხადებენ, დადგენილების ამოქმედებამ, „მშენებლობის ნებართვების გაჭედვა“ გამოიწვია. სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების თქმით, რეგლამენტის მიღება აუცილებელი და საჭირო იყო, თუმცა, ყველა წესის ერთდროულად (ერთიანად) ამოქმედებამ გარკვეული პრობლემები შექმნა.
როგორც კომპანია „არსის“ ფინანსურმა მენეჯერმა, თორნიკე აბულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ახალმა წესებმა მშენებლობის ნებართვების გაცემა ცალსახად შეაფერხა.
„სწორია, რომ ეს დადგენილება მივიღეთ, მაგრამ მშენებლობის ნებართვები ცალსახად „გაიჭედა“. აღსანიშნავია, რომ ეს ეხება არა მხოლოდ თბილისს, არამედ მთლიანად ქვეყანას. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ სახელმწიფოც და კერძო სექტორიც რეალურად პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით - ნებართვას ვეღარ ვიღებთ, რის გამოც მოგვიწია სამინისტროსთვის შენიშვნები შეგვეთავაზებინა. უწყებაში გვითხრეს, რომ შენიშვნების მისაღებად მზად არიან და მათგან შეხვედრის დანიშვნას ველოდებით.
რაც შეეხება უშუალოდ დადგენილებას, ეს არის 600 გვერდიანი წესი, რომელიც დაპროექტებისას უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, დადგენილების თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, კარი უნდა იღებოდეს გარეთ და ეს არ არის პრობლემა, მაგრამ ასევე წერია, რომ თუ შენობა 4 სართულზე მეტია მაშინ 2 სადარბაზო უნდა გაკეთდეს, რაც უკვე დამატებით ხარჯებს იწვევს. ამასთან, პროექტის დასამტკიცებლად საჭიროა ექსპერტის დასკვნა, თუმცა, ქვეყანაში მხოლოდ 3-5 ექსპერტია, ვინც ასეთ დასკვნას აკეთებს. საქართველოში კი ათასობით პროექტი კეთდება და 5 ექსპერტი საკმარისი არ არის,“-აღნიშნა აბულაძემ.
რეგლამენტის ერთიანად ამოქმედებაში ხედავს პრობლემას მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი. რომელიც აღნიშნავს, რომ ქვეყანა თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებზე ნელ-ნელა უნდა გადავიდეს.
„ჩვენი მშენებლობა თანამედროვე სტანდარტებზე უნდა გადავიდეს, მაგრამ ასე პირდაპირ გამოვაცხადოთ, რომ 1 იანვრიდან გავხდეთ ევროპელები, არ გამოდის. მაგალითად, თუ სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედებამდე გარკვეული პერიოდი გვაქვს, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ახალ წესებზე პირდაპირ რატომ გადავედით? ამგვარი მიდგომა კი ჩემი აზრით პრობლემებს შეგვიქმნის, რადგან ძველი სტანდარტებით გაკეთებული პროექტები ასე ადვილად ვერ გადაკეთდება. პროექტის შეცვლა საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მუდმივად მესმის, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებს გაურთულდათ მშენებლობის ნებართვების მიღება და პრობლემები ექმნებათ პროექტების შეთანხმებისას,“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას როსტომაშვილმა.
სამშენებლო კომპანია „ათორის“ დამფუძნებელი ბესო თხელიძე კი უძრავ ქონებაზე ფასების მატების ალბათობაზე საუბრობს. ამის მიზეზად თხელიძე მშენებლობის დაწყების შეფერხებას, გართულებას და დამატებითი ხარჯების გამოწვევას ასახელებს.
„დარწმუნებული ვარ პრობლემა ყველას შეხვდა, რადგან სამშენებლო პროცესები ფერხდება. ჯერ ალბათ, ყველა ცდილობს გაერკვეს და შეისწავლოს ახალი წესები. ჩვენს არქიტექტორებს დადგენილებაში გასარკვევად სპეციალური ტრეინინგების გავლაც კი დასჭირდათ. ვფიქრობ, ცვლილებები ასეთი რთული არ უნდა იყოს, რომ პროფესიონალმა არქიტექტორებმა სპეციალური კურსის გავლის გარეშე ვერ გაიგონ. მრავალსართულიანი სახლების მშენებლობისთვის აბსურდამდეც კი არის მისული ახალი დადგენილება, რადგან მოთხოვნებს შორისაა დამატებითი სადარბაზოები, ლიფტები და ა.შ. - საჭირო რომ არ არის, ისეთი მოთხოვნებია. ჩემი აზრით, ახალი წესები შედარებით მცირე მასშტაბის მშენებლობისთვის უფრო პრობლემაა, რადგან დიდ, ფართომასშტაბიან პროექტებს დამატებითი ლიფტები, კიბეები ისეც სჭირდებოდა,“- განაცხადა თხელიძემ.
„ბიზნესპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, თუ რამდენად უზრუნველყოფს აღნიშნული რეგლამენტი მშენებლობების უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებას. როგორც ასოციაციის "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე, ანზორ საკანდელიძე აღნიშნავს, ასეთი 600 გვერდიანი დოკუმენტის შექმნა თავიდანვე იმისთვისაა გამიზნული, რომ არ იმუშაოს.