აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ზოგიერთი ქალაქის სავაჭრო ობიექტებში ალკოჰოლური სასმელი „დერჟავა“ იყიდება, რომლის ეტიკეტზეც სტალინის გამოსახულებაა დატანილი.
“ეხოკავკაზამ“ ადგილობრივ მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაერკვია, რა განწყობით შეხვდა მოსახლეობა ეტიკეტზე სტალინის გამოსახულების დატანას.
გამოკითხულთა ნაწილის განცხადებით, სასმელის ეტიკეტზე სტალინის დანახვით ვეტერანები, რომლებიც დღემდე აღმერთებენ სტალინს, ბედნიერნი იქნებიან. ნაწილი ასევე მიიჩნევს, რომ არაფერია უცნაური იმაში, თუ სასმელის ეტიკეტზე სტალინის პორტრეტი იქნება გამოსახული.
თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც კატეგორიულად არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას.
„სტალინი დიქტატორია და ეს თემა განხილვას არ ექვემდებარება. მის სახელზე უამრავი სისხლია და თუ ადამიანები საკუთარ თავს მისცემენ იმის უფლებას, რომ ეს სასმელი გაყიდონ და იყიდონ, მათ სინდისზე იყოს“, - ამბობს ასიდა ტაბაღუა.
ოკუპირებული აფხაზეთის საბავშვო ფონდის თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოძიონ, როგორ აღმოჩნდა ეტიკეტზე სტალინი.