ბავარიულმა პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია BMW-მ ოფიციალურად წარმოადგინა ახალი - მესამე თაობის კომპაქტური ქროსოვერი X3.
ავტომობილი სრულიად ახალი არქიტექტურის წყალობით უფრო მსუბუქი და ეკონომიური იქნება.
რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, X3 მიიღებს კომპანიის სრულიად ახალ პლატფრომას CLAR, რომელიც უკვე გამოიყენება ახალი თაობის „7 სერიის“ სედანებში და სამომავლოდ მოირგებენ კომპანიის სხვა მოდელებიც.
ავტომობილმა მისი ძირითადი პროპორციები შეინარჩუნა, თუმცა გაზრდილია ბორბლებს შორის მანძილი, რაც სალონში მეტ კომფორტს უზრუნველყოფს. ავტომობილი ვიზუალურად კომპანიის ბოლო ტრენდულ ხაზს აგრძელებს, რომელიც უკვე დაინერგა მეშვიდე და მეხუთე სერიის სედანებში, ასევე დიდი ზომის ქროსოვერში X5.
რაც შეეხება ძალოვან აგრეგატებს, სხვადასხვა სიმძლავრის დიზელისა და ბენზინის ძრავების გარდა, ის პირველად მოირგებს კომპანიის სპორტული დივიზიის ემბლემას M Performance -ს, რომელიც 355 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს, ხოლო ახალი X3 ელექტროძრავს 2020 წლისთვის მიიღებს. ასევე განიხილება ჰიბრიდული ვარიანტების წარმოებაც.
ავტომობილის წარდგენა კომპანიის ამერიკის ქარხანში გაიმართა და ქვეყანაში კომპანიის მიერ ქარხნის გახსნის 25 წლის იუბილეს დაემთხვა. როგორც ცნობილია, BMW საკუთარ ქროსოვერებს ამერიკაში უშვებს. ამერიკაში მდებარე საწარმო გერმანული ავტოკონცერნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილია და მასზე კომპანიის ექსპორტის 70% მოდის.
კოკა კვირკველია