გაზზე მომუშავე ავტომობილების ინსპექტირების დასრულების ბოლო ვადა 2018 წლის 1 იანვარია, მაგრამ ამის შესახებ მძღოლებს ინფორმაცია თითქმის არ აქვთ.
ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს მხოლოდ ორი აკრედიტებული კომპანიაა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ტექდათვალიერების ფასი 90 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. ავტომფლობელების უმრავლესობა ინსპექტირების შესახებ ინფორმირებული არ არის და მხოლოდ მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 100-ქულიანი საჯარიმო სისტემის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მძღოლებს ერთწლიანი ვადა აქვთ, რათა თავიანთი ავტომობილები შეამოწმონ და შესაბამისი სერტიფიკატი მიიღონ. ათვლა 2017 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო. მათი თქმით, ერთი წელი სავსებით საკმარისია, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ავტომობილი, რომელშიც აირბალონი არის დამონტაჟებული, საფუძვლიანად შემოწმდეს.
"გაზზე მომუშავე ყველა ავტომობილი 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა შემოწმდეს. ამჟამად საქართველოში აკრედიტებულია 2 კომპანია, რომლებიც ჩაატარებენ ინსპექტირებას. რამდენიმეს განაცხადი აქვს შემოტანილი და მალე მათაც შეეძლებათ, შეამოწმონ ავტომობილები.
კანონმდებლობაში მითითებულია, რომ 2018 წლის იანვრამდე ყველა ავტომობილი სტანდარტთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს. ვფიქრობ, ეს დრო საკმარისია, რომ ყველამ გაიაროს შემოწმება. ერთი წელი აქვთ დრო მძღოლებს, რათა აიღონ ინსპექტირების ოქმი", - განუცხადეს 'რეზონანსს" აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში.
ტექდათვალიერების ცენტრებში მიმართვამ ერთბაშად მოიმატა. ამის მიზეზად შპს "აირბალონის" დირექტორი ნონა ქართველიშვილი საგზაო მოძრაობის ახალ 100-ქულიან სისტემას ასახელებს. მძღოლების მხრიდან დაინტერესება იმდენად დიდია, რომ მათ კომპანიაში დღეში 15-20 მანქანის შემოწმება ხდება.
"ბოლო ერთი თვეა, რაც მძღოლები მკვეთრად გააქტიურდნენ. დღეში, მინიმუმ, 20 ავტომობილი გვაკითხავს შესამოწმებლად. მთავარი მიზეზი კი ახალი 100-ქულიანი სისტემაა, რის საფუძველზე მძღოლებს აკლდებათ ქულა (თვითნებურად დამონტაჟებულ და შეუმოწმებელ ავტომანქანებზე 10-15 ქულიანი ჯარიმაა).
აქამდე არავინ მოდიოდა. ჩვენ აკრედიტაცია მივიღეთ შარშან ივნისში. ერთი წელი არავის მოუმართავს, გააქტიურება 19 მაისიდან შეინიშნება. ამის მიზეზი არაინფორმირებაა, ძალიან ბევრმა არც კი იცოდა, რომ საჭიროა შეამოწმონ მანქანები. ავტომობილებს საერთაშორისო სტანდარტით ვამოწმებთ, რადგან ზოგიერთ ავტომფლობელს 20-30 წელია, არ შეუცვლია ბალონი. ამ დროს აირბალონის მაქსიმალური მოხმარების ვადა 15-20 წელია.
ადრე ბალონი იტენებოდა საბარგულიდან, ახლა კი დამტენი გარეთ გამოგვაქვს, საიდანაც საწვავს ასხამენ. ამ ყველაფერს ყურადღება ექცევა. სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ გავცემთ შესაბამის სერტიფიკატს, ზოგს 3-წლიანი ვადით, ზოგს კი 5-წლიანით", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ქართველიშვილმა.
მეორე აკრედიტებული კომპანია "გაზინჟინერის" ხარისხის მენეჯერი ირაკლი კიღურაძე დარწმუნებულია, რომ მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის ამოქმედება ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილის ინსპექტირების მოთხოვნას დააჩქარებს და მიმართვაც გაიზრდება. მისი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების ტექდათვალიერების ფასი 90 ლარიდან იწყება და 120 ლარამდე ადის.
"სიმართლე გითხრათ, ჩვენთან არ არის რიგი. დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია გაზზე მომუშავე მანქანების შემოწმებას, თუმცა ივლისიდან მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემა ძალაში შედის, რის შემდეგაც უფრო გაიზრდება მოთხოვნა და გააქტიურდებიან მძღოლები. რაც შეეხება დათვალიერების ღირებულებას, 90 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. მომსახურების ფასის განსაზღვრა დამოკიდებულია გაზის ბალონის სიდიდეზე", - განუცხადა "რეზონანსს" კიღურაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"