"ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ამ ქალაქიდან მოშორება იქნება"

ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ამ ქალაქიდან მოშორება იქნება , - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უდუმაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ ”სითი პარკს” 2025 წლამდე კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა. მისი თქმით, კომპანია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც თბილისის მერიამ მასთან გაფორმებული ხელშეკრულება დროულად უნდა შეწყვიტოს.

ზაალ უდუმაშვილი ასევე საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაუილებს თბილისის მოქმედ მერს დავით ნარმანიას და აღნიშნავს, რომ ნარმანიას ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება სწორედ ”სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულების გაუქმება იყო, თუმცა ეს დაპირება არ შესრულებულა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ისევე კომფორტულად აგრძელებს ”სითი პარკთან” თანამშრომლობას, როგორც მათი წინამორბედები.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში მოხდება ინვესტორის მოძიება, რომელიც ქალაქში საპარკინგე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, ხოლო საჯარიმო სანქციებს არა რიგითი მოქალაქეები, არამედ თავად ინვესტორი გადაიხდის, რომელიც თბილისის მასშტაბით შეღავათიანი პირობებით გააგრძელებს ოპერირებას.

”ყოველდღიურად ათეულობით თბილისელის მანქანა გადმოჰყავთ ”სითი პარკის” საჯარიმოზე არასწორი პარკირებისთვის, თუმცა არავინ სცემს პასუხს, თუ როგორ უნდა დაპარკინგდე ქალაქში, სადაც არცერთი პარკირება არ არსებობს. იმის ნაცვლად, რომ ამ კომპანიას დედაქალქში საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა, შემოვიდა მხოლოდ ერთი ფუნჯით და საღებავით და უბრალოდ დახაზა ქუჩები. ამის შემდეგ კი ის თბილისელებისგან იღებს მილიონობით ბეგარას. ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა ”სითი პარკს” 2025 წლამდე, ხოლო მოქმედმა ხელისუფლებამ კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა ამ კომპანიასთან და ისიც გააკეთა, რომ თბილისელებს გაუზარდა გადასახადი. ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი ”სითი პარკის” ამ ქალაქიდან ჩამოშორება იქნება. მოვნახავ ინვესტორს, რომელიც ვალდებული იქნება მოაწესრიგოს საპარკინგე ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება მრავალმილიონიან საჯარიმო სანქციებს, გადაიხდის თავად ინვესტორი და არა რიგითი მოქალაქეები. სამაგიეროდ, ინვესტორს შევთავაზებთ შეღავათიან პირობებს”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა, შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, პროექტი, რომელიც ამ დროისთვის შეჩერებულია, აუცილებლად აღდგება. მისივე განცხადებით, შემოვლითი რკინიგზა ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ამავდროულად მოხსნის მილიობით მოქალაქის პრობლემას საცობებთან დაკავშირებით.