შპს Green Village-მა, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია, საქართველოში, სახელმწიფოსგან უპირობო აუქციონზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 76 300 კვ.მ. ფართობის 3 მიწის ნაკვეთი 78 000 ლარად იყიდა.
2017 წლის 31 მარტს, სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 76 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გაიყიდა. მათ შორის, ორი ნაკვეთი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, ხოლო 1 ნაკვეთი - არასასოფლო.
პრივატიზებული მიწის ნაკვეთები შპს Green Village-მა 78 000 ლარად შეიძინა. საჯარო რეესტრში ქონების შემძენმა საკუთრების უფლება 2017 წლის 11 აპრილს დაარეგისტრირა.
სახელმწიფოსა და კომპანიას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საინვესტიციო ვალდებულებები გათვალისწინებული არ არის.
შპს Green Village-ის 50-50%-იანი წილის მფლობელები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, ოლგა მოისეენკოვა და მისი მამა, ვლადიმერ მოისეენკოვი არიან.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს Green Village ლაგოდეხის სხვადასხვა სოფელში მდებარე არაერთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობს, რომლებიც ფიზიკური პირებისგანაა შეძენილი.