ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისთვის 50 ლარამდე ჯარიმა ამოქმედდა

ბათუმის ბულვარში ველობილიკის მიღმა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისთვის ჯარიმები შემოდის. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით გადაადგილება ველობილიკის მიღმა, გამოიწვევს პირის გაფრთხილებას, ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ასევე, ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია 06:00 საათიდან 09:00 საათამდე.

ბულვარის ადმინისტრაცია მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებს ქვეითად მოსიარულეებსაც, რადგან არსებული წესებით ველობილიკზე ქვეითად მოსიარულეთათვის მოძრაობა აკრძალულია.

არსებულ შეზღუდვებს ბათუმის ბულვარის მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ბულვარში ველობილიკის მიღმა მოძრაობის წესების დარღვევისათვის 7 პირია დაჯარიმებული.

ასევე, მონიტორინგი გამკაცრდება ბულვარის ტერიტორიის დანაგვიანებაზე. ბათუმში, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიის დაბინძურებისთვის პირი 20-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდება.

”2 კილოგრამამდე ნარჩენის დაყრა 80 ლარით ჯარიმდება, 2კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებისთვის ფიზიკური პირი - 300, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით. 1მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ხოლო ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით და მისი ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება 20 ლარით დაჯარიმდება. გარდა ფიზიკური პირებისა, ჯარიმა იურიდიულ პირებზეც გავრცელდება”, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, ძველი და ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგი ყოველდღიურად 09:00 საათიდან 00:00 საათამდე, განხორციელდება.

სსიპ „ ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია მოსახლეობას და დამსვენებლებს თხოვნით მიმართავს, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბულვარში დასუფთავების წესები დაიცვან.