ეროვნული ბანკის ქცევა სავალუტო ბაზარზე არის ქმედითი

ეკონომიკის ექსპერტი დავით ასლანიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეროვნული ბანკის შესახებ წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" დავით ასლანიშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მართალია დაგვიანებით, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა აგრძნობინა საბანკო ოლიგოპოლიას, რომ ის არის წესების განმსაზღვერლი ფინანსურ ბაზრებზე, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს და არა, პირიქით.

შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ბოლო დროს განხორციელებული ინტერვენციები მიმაჩნია გამართლებულად, რადგან:

1) საკმაოდ ხელსაყრელ კურსში ხდება ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების შევსება, რომელიც სავალუტო ფონდის რეკომენდაციით სამი თვის იმპორტის ტოლფასი უნდა იყოს;

2) ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი გათვლილია 2,50 და სავალუტო პოლიტიკამ ხელი არ უნდა შეუშალოს ფისკალური დისციპლინის შენარჩუნებას;

3) ლარის შედარებითი სიმყარის ინდექსი (RSI – Relative Strength Index) არის სტაბილური უკანასკნელი სამი თვის აპრილ-ივნისის განმავლობაში 40-60 კორიდორში (იხილეთ ქვედა გრაფიკი სქრინზე).

აშშ დოლარის გლობალური გაუფასურების ფონზე, რასაც ადგილი აქვს მიმდინარე წლის დასაწყისიდან, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გაჩნდა იმის ეიფორია, რომ თითქოს დანარჩენმა მსოფლიომ, და განსაკუთრებით განვითარებადმა ქვეყნებმა დაძლიეს საკუთარი სავალუტო კრიზისები, რომლებიც მათ გადაიტანეს 2014-2016 წლებში.

სინამდვილეში, დოლარის გაუფასურება არის იმ პოლიტიკური რისკებით გამოწვეული, რაც უკავშირდება აშშ-ში ფედერალური ადმინისტრაციის ცვლილებას.

ახალი პრეზიდენტის ტრამპის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ჯერჯერობით არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, და დღემდე ბურუსითაა მოცული, საერთოდ შეძლებს თუ არა საკუთარი საარჩევნო დაპირებების შესრულებას. ყოველივე ეს სკეპტიკურად განაწყობს უცხოელებს აშშ-ში ინვესტიციების მიმართ.

აგრეთვე საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე შეინიშნება ფასების კლება მთავარ რესურსებსა და ნედლეულზე (ნავთობი, ოქრო და სხვა ძვირფასი ლითონები), ე.ი. დანარჩენ მსოფლიოს დოლარი ნაკლები რაოდენობით სჭირდება.

ყოველივე ამის გამო დოლარზე მოთხოვნა გლობალურად არის შემცირებული - ეს არის დოლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი...

მიუხედავად ამისა, გამართლებულია განვითარებად ქვეყნებში და, მათ შორის საქართველოშიც, მთავრობების და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ არ მოიხიბლონ საკუთარი ვალუტების გამყარების ილუზიით და რაციონალურად შეაფასონ დოლარის მიმართ გაცვლითი კურსის ოპტიმალური დონე.

საქართველოს შემთხვევაში აგრეთვე ილუზიაა იმის წარმოდგენაც, რომ სავალუტო რეჟიმი შესაძლებელია იყოს სრულად თავისუფალი. ქვეყანა, რომელიც სეზონურადაც და გეოგრაფიულადაც შეზღუდულია სავალუტო ნაკადებზე, ვერ მისცემს საკუთარ თავს იმის ფუფუნებას, რომ ეროვნულმა ბანკმა არ მართოს გაცვლითი კურსი.

ეროვნულმა ბანკმა თუ არ მართა გაცვლითი კურსი, ამ შემთხვევაში თავისუფალი გაცვლითი კურსი ნიშნავს ბეზპრეძელს - ე.ი. გაცვლითი კურსის ხან ფრენას, ხან ყვინთვას არა მხოლოდ დღეების, არამედ საათების შუალედშიც.

ამიტომაც ეროვნულ ბანკს დღეს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ინტერვენციებით თავიდან აიცილოს ლარის ხელოვნური გამყარება.

რა არის საჭირო გრძელვადიან პერსპექტივაში სავალუტო ბაზარზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად?

1) ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა მიიღოს, თუ საჭიროა რადიკალური ღონისძიებებიც, ინფლაციის მოსათოკად, რაც მათ შორის საბანკო ოლიგოპოლიისთვის რეფინანსირების პირამიდაზე უარის თქმას გულისხმობს.

2) ინფლაციის მოთოკვა აუცილებელია იმისთვის, რომ ლარიზაციის პროცესს ხელი არ შეეშალოს - ე.ი. ეკონომიკის სუბიექტებმა ლარის მიმართ ნდობა არ დაკარგონ.

3) ინფლაციის მოთოკვისთვის მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს ხარჯვითი დისციპლინა, რათა იმპორტირებულო ინფლაციამ და საბიუჯეტო ინფლაციამ, როგორც ინფლაციის კომპონენტებმა, დამატებითი წნეხი არ წარმოშვან სამომხმარებლო ფასების ინდექსზე.

4) სავალუტო ნაკადების სეზონურობა აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს უწყვეტი შემოდინებებით, რაც მხოლოდ მსხვილი საინვესტიციო პროექტების (ანაკლია, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა) რეალურად განხორციელებით იქნებოდა შესაძლებელი." - წერს ალანიშვილი