სიცხე, ხმაური, შეფერხებული მოძრაობა, დაღლილი მუშები, ახლის მოლოდინი, მოთმინება, სიხარული, რჩევები, უკმაყოფილება...
პეკინის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით რამდენი გამვლელიც არის, იმდენი მოსაზრება არსებობს. ერთს ხმაური აწუხებს, მეორეს საყვარელ მაღაზიასთან მისასვლელი გზის ჩახერგვა, მესამე ფიქრობს, რომ მოთმინება შედეგისთვის ნამდვილად ღირს. მეოთხემ დაიჩივილა, რომ წყალი წინასწარი შეტყობინების გარეშე გაუთიშეს. მეხუთემ მერიას რჩევა მისცა - ასე მიხედეთ ყველა ქუჩასო. ფაქტია, რომ თბილისელები მომავალი ორი თვის განმავლობაში ყველაზე მეტს სწორედ პეკინის ქუჩის შესახებ ისაუბრებენ.
რა ხდება ქუჩაზე, სადაც 60 წლის შემდეგ, პირველი მასშტაბური სამუშაოები ტარდება?
ლაურა
პეკინზე 6 წლის წინ გამოჩნდა. მას შემდეგ ყველაზე კარგად იცის, რა, როდის და როგორ ხდება აქ. ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც მისი მეორე სახლი გახდა, სიხარულით შეხვდა. მტვერსა და ხმაურს გმირულად იტანს. 2 თვეში კი, განახლებულ ქუჩაზე, კიბის ძირში ადგილს ისევ დაუთმობენ.
"ძალიან კარგად მუშაობენ. არ ჩერდებიან. ხმაური კი მაწუხებს, მაგრამ საქმე ამის გარეშე არ გამოვა. მეუღლე გარდამეცვალა და მას შემდეგ აქ ვზივარ. 68 წლის ვარ. ბინა ბანკში მაქვს ჩადებული და აქაურობა ჩემს მეორე სახლად იქცა. სახლის გალამაზება და რემონტი ყველას უხარია. აი, მაღაზიებს კი ვაჭრობა ნამდვილად შეუმცირდათ. გამყიდველები ხშირად ჩივიან"- აღნიშნავს ჩვენთან საუბარში ლაურა.
ფლორა - "პეკინის კოლორიტი"
სავაჭრო ობიექტები რომ ნამდვილად განიცდიან მყიდველის რაოდენობის შემცირებას, ამას გვერდით მდებარე მაღაზიაში გვიდასტურებენ. ფლორა ღვინჯილია სათვალეებს ყიდის. მზის აქსესუარს მასთან ცნობილი ქართველები, უცხოელი ტურისტები და უბრალოდ, გამვლელები უკვე 8 წელია, ყიდულობენ.
12 კვადრატული მეტრი ფართობის ქირა თვეში 1200 დოლარს შეადგენს. ასეთ ფასს იხდის ფლორა კომერციულ ფართში, თბილისის ყველაზე ხალხმრავალ ადგილას.
"იძულებელი ვარ, დავტოვო პეკინი და რუსთაველზე გადავინაცვლო. თუ ადგილი მომეწონა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგაც დავრჩები. აქაურობასთან განშორება მიჭირს. ყველა მიცნობს, ხუმრობით პეკინის კოლორიტსაც მეძახიან. 8-წლიანი შრომა წყალში მივარდება და ყველაფრის დაწყება თავიდან მიწევს. რა თქმა უნდა, კარგია, რომ ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ადრე წყლის მილები ხშირად ფუჭდებოდა და პრობლემები გვექმნებოდა. თუმცა, ეს ყველაფერი ცუდად აისახა ჩვენზე. შემცირდა გაყიდვები და ქირის გადახდას ვეღარ ვახერხებთ".
დუშეთიდან - პეკინის გამზირზე
მაღაზიიდან გამოსულს, იქვე დასასვენებლად ჩამომსხდარი მუშები გვხვდებიან.
სამსახურის ძიებამ დიმიტრი დუშეთიდან პეკინის ქუჩაზე ჩამოიყვანა. სამუშაოებს, როგორც კომპანია "თელასი"-ს წარმომადგენელი ასრულებს. მუშაობას დილის 9 საათზე იწყებს. რთული საქმე აქვს, ამიტომ სახლიდან მთელი დღის სამყოფი საკვები მოაქვს. დღეში ერთ საათს ისვენებს და სწორედ ამ დროს სადილობს. გასამრჯელო გაწეულ შრომას ვერ უნაზღაურებს, თუმცა თავად უკმაყოფილო ნამდვილად არ არის. დღეში ანაზღაურების სახით 24 ლარს იღებს.
"საქმე მიწასთან მაქვს - წერაქვთან, ბართან. ვთხრით ორმოებს. რამდენიმე ბიჭი, სოფლიდან ერთად ჩამოვდივართ. გავიგეთ, რომ სჭირდებოდათ თანამშრომლები. მივედით კომპანიაში და დავსაქმდით. დღის განმავლობაში ძალიან ვიღლებით, თუმცა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიხარია, რომ ჩემი წვლილი შემაქვს ამ საქმეში".
გელა "ბლექ სი გრუპიდან"
"ბლექ სი გრუპის" თანამშრომელი გელა მუშაობას დილის 8 საათზე იწყებს და საღამოს 8-ზე ასრულებს. მაშინ, როცა დილის ცვლას, ღამის ცვლა ანაცვლებს. სამუშაო ხმაური პეკინის ქუჩაზე შუადღის 1 საათზე თითქმის წყდება. ეს ის დროა, როცა ყველა კომპანიის თანამშრომელი სადილობას იწყებს. "ბლექ სი გრუპის" თანამშრომლებს უფრო მეტად გაუმართლათ. სადილს კომპანია, ახლომდებარე დარბაზში თავად უზრუნველყოფს.
სასადილო - რა ჯდება ჭამა
ქაბაბი, კატლეტი, ოსტრი, მაკარონი, სუპხარჩო - სასადილო "მეტეხის" მენიუ მრავალფეროვანია. დოლიძის კუთხეში მდებარე საბანკეტო დარბაზში კომპანიიდან დღეში სამჯერ, სხვადასხვა ცვლის თანმშრომლები მოდიან. მათი რაოდენობა 40-დან 55 კაცამდე მერყეობს.
"კომპანია თანხას, ყოველ მესამე ან მეოთხე დღეს გვირიცხავს. ანაზღურება 2 000 დან -3 000 ლარამდე მერყეობს. თანხა დამოკიდებულია მენიუს მრავალფეროვნებასა და ადამიანების რაოდენობაზე", - აღნიშნავს საუბარში სასადილოს მენეჯერი ეკა.
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია, 2-3 თვეში დასრულდება. ისტორიული პროექტის ისტორიულ შედეგს ყველა ერთად 16 სექტმებერს ვიხილავთ.
პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია ციფრებში
დაიწყო: 16 ივნისს;
ბიუჯეტი: დაახლოებით, 3 მილიონი ლარი;
სამუშაოებს ახორციელებს: 4 კომპანია;
შეიცვალა 12 ავტობუსისა და 42 მიკროავტობუსის მარშრუტი.
სამუშაოების დაწყებამდე, პეკინის ქუჩაზე საათში, დაახლოებით, 6 000 ავტომანქანა გადაადგილდებოდა.
"ბლექ სი გრუპი"
დაასაქმა: 100 ადამიანი;
მუშაობს: 24 სთ;
სამუშაოების დასრულების ბოლო ვადა: 11 სექტემბერი;
კომპანიის შესასრულებელი სამუშაოები:
წყალმიმღები ჭებისა და ცხაურების განახლება
სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია,
ახალი ა/ბეტონის საფარის მოწყობა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი"
დაასაქმა: 80 ადამიანი;
კომპანიის შესასრულებელი სამუშაოები:
წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 3 კმ სიგრძის გამანაწილებელ ქსელების შეცვლა;1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების ექსპერტიზა და რეაბილიტაცია;წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების სათვალთვალო ჭები და ჭის თავსახურების განახლება;წყალარინების გვირაბის 400 მეტრი სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია."ყაზტრანსგაზ-თბილისი"მუშაობს: 4 სპეციალისტი 24 საათი;
ოფისში მორიგეობს: 10-კაციანი ბრიგადა;
კომპანიის შესასრულებელი სამუშაოები:
250 მმ დაბალი და 400 მმ საშუალო წნევის მილსა და მასზე არსებულ განშტოებების შეცვლა;ბიუჯეტი: ზუსტად ჯერ არ არის განსაზღვრული, დაითვლება პროექტის დასრულების შემდეგ."თელასი"
დაასაქმა: 27 თანამშრომელი;
მუშაობს: 24 საათი (დამოკიდებულია სხვა კომპანიების მიერ შესრულებულ სამუშაოებზე);
კომპანიის შესასრულებელი სამუშაოები:
1 080 მეტრი მაღალი ძაბვის კაბელის შეცვლა.ითვალისწინებს თუ არა ველოტრასის მოწყობას პროექტი?
ეს არის კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ სოციალურ ქსელში. პასუხი კითხვაზე უარყოფითია. ამ ეტაპზე ველოტრასა გათვალისწინებული არ არის.
ავტორი: ეკა მელიქიძე
ფოტოგრაფი: გიორგი ჟამერაშვილი
"ბიზნესპრესნიუსი"