ზუსტად 10 წლის - 2007 წლის 29 ივნისს გაყიდვაში გამოვიდა Apple-ის პირველი სმარტფონი iPhone.
პირველ ეტაპზე სკეპტიკოსები აცხადებდნენ, რომ „ეფლის“ ახალ პროდუქტს დიდი პერსპექტივები არ ჰქონდა, ვინაიდან კლავიატურის გარეშე მოწყობილობა წარმატებას ვერ მოიპოვებდა მომხმარებელში. თუმცა, რაც მერე მოხდა, ყველამ კარგად ვიცით.
პირველი სმარტფონის გაყიდვები Apple-ის მაღაზიებში დაიწყო, სადაც მაღაზიის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე უზარმაზარი რიგები დადგა.
მანამდე, 2007 წლის იანვარში ახალი სმარტფონის პრეზენტაცია თავად კომპანიის დამფუძნებელმა, სტივ ჯობსმა გამართა და მოწყობილობა საზოგადოებას, როგორც „რევოლუციური მობილური“ გააცნო.
„დროდადრო ჩნდება რევოლუციური პროდუქტები, რომელიც ყველაფერს ცვლის. Apple ამ მხრივ იღბლიანი აღმოჩნდა და ჰქონდა შესაძლებლობა ამ პროდუქტების ნაწილი მსოფლიოსთვის გაეცნო. დღეს ჩვენ ერთბაშად სამ პროდუქტს წარმოგიდგენთ - ფართოეკრანიან iPod-ს, რევოლუციურ მობილურ ტელეფონსა და ინტერნეტ კომუნიკატორს. გესმით ჩემი? ეს პროდუქტები ცალ-ცალკე მოწყობილობა არ არის, ეს ერთი მოწყობილობაა და ჩვენ მას iPhone ვუწოდეთ“, - განაცხადა სტივ ჯობსმა Macworld-ის კონფერენციაზე პირველი სმარტფონის წარდგენისას.
2007 წლიდან მოყოლებული დღემდე მსოფლიოში 1 მილიარდ iPhone-ზე მეტია გაყიდული.
იხილეთ ფოტოგალერეა