საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, გურიისა და იმერეთის რეგიონებში მცხოვრები 130 ეკომიგრანტი ოჯახისთვის კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით შეისყიდა. ამის შესახებ დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყებიან. დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა იმერეთისა და გურიის რეგიონებში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემული სახლები დაათვალიერა.
„ბოლო ოთხი წელია მოქმედებს ეკომიგრანტების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროექტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო. ისეთ ოჯახებში ვიყავით, რომლებსაც ღამეები არ ეძინათ იმის შიშით, როდის ჩამოინგრეოდა მათი სახლი. დღეს, მათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები აქვთ. ამ ადამიანებს გაუჩნდათ არა მხოლოდ უსაფრთხო საცხოვრებელი, არამედ გაუჩნდათ კარგი შემოსავლის წყაროც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
როგორც დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკომიგრანტი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის მაქსიმალური რაოდენობა 25 000 ლარს შეადგენს.
2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 400-მდე სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდა.