"შვეიცარიულ კომპანია „შტადლერს“ საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნა სურს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შვეიცარიულ კომპანია „შტადლერს“ აქვს განზრახვა, რომ საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხანა გახსნას.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კომპანიის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან ერთად ხელს აწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კომპანია შეისწავლის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობას.

„მინდა ვისაუბრო Stadler Rail AG-ის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივასთან დაკავშირებით. დღეს კომპანიის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან ერთად ხელს აწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კომპანია შეისწავლის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობას. კომპანიას გააჩნია განზრახვა, რომ საქართველოში გახსნას ვაგონშემკეთებელი ქარხანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დონის კომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის მიმზიდველი ისეთი მაღალი პროფილის და რეპუტაციის კომპანიებისთვის როგორიც არის „შტადლერი“. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა.