მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად სამუშაოები სავარაუდოდ, აგვისტოდან დაიწყება

მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ აგვისტოდან დაიწყება , - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების ჯგუფის უფროსმა ლაშა დალაქიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთაწმინდის საბაგიროს აღსადგენად საპროექტო სამუშაოების 80% დასრულებულია, სამშენებლო სამუშაოები კი ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება.

დალაქიშვილის განცხადებით, პროექტის მიხედვით, მთაწმინდის საბაგიროს ყველა, ოთხივე ანძა თავიდან აშენდება და ორივე სადგურის პლატფორმა მოეწყობა.

„საბაგიროს ერთი სადგური მეცნიერებათა აკადემიის ეზოში მდებარეობს, მეორე - მთაწმინდის პარკში. სამუშაოებს, ალბათ, პარალელურად დავიწყებთ. ზედა სადგურიდან დავიწყებთ და რამდენიმე სამშენებლო მოედანი იქნება. რუსთაველზე არსებული საბაგირო სადგურის ძველი ექსტერიერი არ შეიცვლება, კვლავ ოვალური დარჩება. სრულად დარჩება ასასვლელი პანდუსები, რომელიც ამ შენობას უნიკალურს ხდის. მგზავრთა გადასაყვანად ახალი საბაგირო კაბინები დამონტაჟდება“, - განაცხადა ლაშა დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, მთაწმინდის ახალი საბაგირო იქნება ისეთივე პრინციპის, როგორც რიყის საბაგიროა, ანუ „გონდოლას“ პრინციპით იმუშავებს. მთაწმინდის საბაგიროზე მგზავრთა გადასაყვანად 20 გონდოლა იქნება.

„ამ ეტაპზე პროექტის მთლიანი ბიუჯეტი დაზუსტებული არ არის, რადგან პროექტირება არ არის დასრულებული. საპროექტო კომპანიას ასევე შეკვეთილი აქვს ჩვენთვის ხარჯთაღრიცხვის მომზადება, რომლის დასრულების შემდეგ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი გვეცოდინება“, - აღნიშნა ლაშა დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, ანძების სამონტაჟო სამუშაოებს ერთ-ერთი ავსტრიული კომპანია განახორციელებს, ხოლო სამშენებლო სამუშოების შესასრულებლად სავარაუდოდ, მშენებელი კომპანიის შერჩევა ადგილობრივ ბაზარზე მოხდება. ამ მიზნით ტენდერი ჯერჯერობით გამოცხადებული არ არის.

მთაწმინდის განახლებული საბაგირო ექსპლუატაციაში სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე შევა.

„პროექტანტი მოგვცემს ასევე მშენებლობის ორგანიზების პროექტს, სადაც გაწერილი იქნება გეგმა-გრაფიკი, რა ტემპით უნდა განვითარდეს სამუშაოები“, - განაცხადა საბაგირო ინფრასტრუქტურის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა.